თეთრი სახლის პრესსპიკერი: დემოკრატებმა და მედიამ პრეზიდენტს უნდა მოუბოდიშოს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რესპუბლიკელი მოკავშირეები კონგრესში აცხადებენ, რომ ისინი დაიწყებენ გამოძიებას 2016 წლის არჩევნებში რუსეთსა და ტრამპის გუნდს შორის გამოძიების უკან მყოფ ადამიანებზე.

„ბევრი ადამიანია, რომელთაც ბევრი ძალიან ბოროტული რამ აქვს ჩადენილი, ცუდი რამეები, მე ვიტყოდი, მოღალატეობრივი ქმედებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - თქვა ტრამპმა. „ამ ადამიანებს ნამდვილად შევამოწმებთ“, - დაამატა მან.

გამოძიების მიმდინარეობისას, ბევრმა დემოკრატმა სხვადსასხვა დროს განაცხადა, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ ტრამპის ახლო წრე რუსეთთან გარიგდა.

„დემოკრატებმა და ლიბერალურმა მედიამ პრეზიდენტ ტრამპს ბოდიში უნდა მოუხადოს“, - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა.

სენატორმა ლინდსი გრემმა, სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოკავშირემ ორშაბათს თქვა, რომ ის დებს პირობას „ისტორიის მეორე მხარე გახსნას“ და შეისწავლოს საკითხი, თუ როგორ დაიწყო გამოძიება.

ორი წლის განმავლობაში, პრეზიდენტი ტრამპი მიმდინარე გამოძიებას მოიხსენიებდა, როგორც „კუდიანებზე ნადირობას“. გამოძიების დასრულების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ არასდროს, რომ ეს სხვა პრეზიდენტსაც შეემთხვეს“.

კომენტარები პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის დასკვნის ოთხგვერდიანი შეჯამება გამოაქვეყნა. 22- თვიანმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პრეზიდენტი რუსეთთან არ გარიგებულა. გამოძიებას ბევრი ადამიანის დამნაშავედ ცნობა და ბრალის აღიარება მოჰყვა, თუმცა არა რუსეთითან გარიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.