კრემლის პროპაგანდისტი ინგლისელი გრემ ფილიპსი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს შენობაში, აგვისტოს ომის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილი, მხარტვარ გია ბუღაძის გამოფენის ჩაშლა სცადა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების (ФСБ) სამსახურთან მჭიდროდ დაკავშირებული პირია.
39 წლის ფილიპსი, სხვადასხვა დროს რუსეთის პროპაგანდისტულ მედია საშუალებებს Russia Today-ს და Life News-ს, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია Zvezda-ს წარმოადგენდა. ამჟამად კი Sputnik-თვის მუშაობს. მას რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურისგან 2015 წელს მედალი აქვს მიღებული.
ლონდონში, საქართველოს საელჩოში, ფილიპსი 7 აგვისტოს შეიჭრა. იგი ხმამაღლა ყვიროდა, რომ გამოფენა Victima ქართულ-ამერიკულ-ნატოური პროპაგანდა იყო და „სინამდვილეში, საქართველო დაესხა თავს სამხეთ ოსეთს და ასობით ადამიანი მოკლა“. ფილიპსი, როგორც საელჩოს თანამშრომლების, ისე გამოფენაზე მისული სტუმრების მიმართ ღია აგრესიას ავლენდა, „ნატოს ზომბებს“, "ფაშისტებს" ეძახდა და მთელ ამ "შოუს" ვიდეო კამერით იღებდა.
ФСБ-ს და ფილიპსის ერთობლივი „შოუს“ დასრულება ლონდონში, მხოლოდ დიპლომატიურმა პოლიციის გამოძახებით გახდა შესაძლებელი, დებოშიორი მალე დააკავეს. დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი ამბობს:
საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში გახდა რუსული აგრესიის ობიექტი. ფილიპსი ამჟამად დაპატიმრებულია, რადგან საელჩოს ტერიტორიაზე შემოჭრა კრიმინალური აქტია"თამარ ბერუჩაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი
„საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში რუსული აგრესიის ობიექტი გახდა. ამ პიროვნების აგრესიულობის გამო, საელჩოში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაა, დიპლომატიური პოლიცია რამდენიმე წუთში მოვიდა და იგი დროულად აიყვანა. ფილიპსი ამჟამად დაპატიმრებულია, რადგან საელჩოს ტერიტორიაზე შემოჭრა კრიმინალური აქტია. ეს ყველაფერი ნამდვილად საფრთხის მატარებელი იყო, სამწუხაროდ, ჩვენი საელჩო სათანადოდ დაცული არ არის.“
გრემ ფილიპსს, რომელიც 1979 წელს ნოტინგემში დაიბადა, 2010 წლამდე ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა. იგი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციის ცენტრალურ ბიუროში დაბალი რანგის ჩინოვნიკად მუშაობდა და ფეხბურთის აგრესიული ფანობით ირთობდა თავს. 8 წლის უკან, ჩინოვნიკის ცხოვრება მოულოდნელად მიატოვა, ლონდონიდან ოდესაში გადასახლდა, ინგლისურს ასწავლიდა, თან თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობა სცადა.
გამომძიებელი-ჟურნალისტის რობერტ შულცის ინფორმაციით, უკრაინაში ევრომაიდანის მოვლენების (2013-2014) დროს, ფილიპსი უკვე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) დავალებებს ასრულებდა. Youtube-ზე, საკუთარ არხზე მან უკრაინის თემატიკაზე ღიად პრორუსული სიუჟეტების განთავსება დაიწყო.
ფილიპსი კრემლის პოზიციიდან ასევე აქტიურად აშუქებდა რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიას, რის გამოც რუსმა სეპარატისტებმა Наш Гриша (ჩვენი გრიშა) შეარქვეს, ხოლო ФСБ-მ პირადი დაცვა გამოუყო.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა 2014 წელს ფილიპსი ორჯერ დააპატიმრა, ბოლოს ქვეყნიდან გააძევა და სამი წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის მიუხედავად, ინგლისელი ისევ დემონსტრაციულად შევიდა რუსეთიდან ოკუპირებულ დონეცკში და ერთ-ერთი ბრძოლის დროს თავში დაიჭრა.
2015 წელს, ქალაქ დებალცევოს დაცემის შემდეგ ბრიტანელი უკრაინელ ტყვეებს დასცინოდა. 2016 წელს კი ლუგანსკში ტყვეთა გაცვლისას, 15 წუთის მანძილზე „საბჭოთა სტილში“ კითხავდა მძიმედ დაჭრილ უკრაინელ ოფიცერს ვლადიმერ ჟემჩუგოვს, „ზომბსა“ და „მკვლელს“ ეძახდა. ფილიპსს ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსი სეპარატისტების საველე მეთაურებთან "გივისთან" და "მოტოროლასთან".
2017-18 წლებში, გრემ ფილიპსმა რამდენჯერმე დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ცხინვალში კრემლის დაკვეთით პროპაგანდისტული ფილმი გადაიღო, სახელმწოდებით Georgian War, 2008: What Really Happened, versus Western Propaganda. ერთ-ერთი ვიზიტისას ოკუპირებულ ჯავის რაიონში, მან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელ დიმიტრი მედოევთან კომპანიაში ერწოს ტბაზე ითევზავა კიდეც.
ლონდონში, საქართველოს საელჩოში, გრემ ფილიპსის დაპატიმრების შემდეგ, აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი გამოფენა Victima ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. მხატვარ გია ბუღაძის ქალიშვილი, გამოფენის ორგანიზატორი ნინა ბუღაძე ამბობს, რომ გამოფენა 17 აგვისტომდე გასტანს:
Victima-ს მთავარი სათქმელი არის, რომ ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით, რომ ოკუპაცია აუცილებლად უნდა დასრულდეს"ნინა ბუღაძე, ლონდონში გამოფენა Victima-ს ორგანიზატორი
„Victima-ს მთავარი სათქმელი არის, რომ ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით, რომ ოკუპაცია აუცილებლად უნდა დასრულდეს და სანამ ოკუპაცია გაგრძელდება ბრძოლას ჩვენც გავაგრძელებთ."
გრემ ფილიპსისთვის ასეთი „შოუების“ მოწყობა უცხო არ არის. 2016 მარტში იგი მსგავსი ხულიგნობისთვის რიგაში დააკავეს და ლატვიაში შესვლა სამი წლით აუკრძალეს. იმავე წლის აგვისტოში, ფილიპსი ბერლინში, გამოცემა Correctiv-ის რედაქციაში ყვირილით შეიჭრა და ჟურნალისტები უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში ადანაშაულებდა. Наш Гриша-ს ოფისი მაშინ თავად ჟურნალისტებმა დაატოვებინეს.
ლონდონში, საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე ფილიპსის დაკავებას დღეს დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩო გამოეხმაურა. უკრაინის ელჩმა დაგმო საქართველოს საელჩოში მომხდარი ფაქტი და ბრიტანეთის სამართალდამცველებს მოუწოდა, პარალელურად, პრორუსი ჟურნალისტის აღმოსავლეთ უკრაინაში „ტერორისტული საქმიანობაც“ გამოიძიონ.
ფილიპსი ერთხელ უკვე იყო დაკავებული დიდ ბრიტანეთში აღმოსავლეთ უკრაინაში "პროპაგანდისტული საქმიანობის" გამო, თუმცა, მაშინ 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლეს.