პუტინის გამარჯვება და ახალი რეალობა

რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გამარჯვებას მიაღწია.

რუსეთის პრეზიდენტს ახალ რეალობასთან მოუწევს შეგუება. ეს მოსკოვსა და პეტერბურგში გაძლიერებული საშუალო კლასია, თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით.

არჩევნების დამთავრებისთანავე მოსკოვში საპროტესტო მიტინგი გაიმართა, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია.

მოსკოვსა და პეტერბურგში პოლიციამ 600-მდე ადამიანი დააპატიმრა. ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი მიხაილ დუხოვნი ამბობს, რომ ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს:“ ისინი ცოტას იყვირებენ და რამდენიმე დღეში დაიშლებიან, მალე სიმშვიდე დამყარდება.“

ასე არ ფიქრობს რადიო კომერსანტის თანამშრომელი კონსტანტინ ფონ ეგარტი. მისი თქმით:“ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ დიდი ქალაქების მაცხოვრებლები დანარჩენი რუსეთისგან განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. რაც ძალზე სამწუხაროა, რადგან ხალხმა უკვე ორ რუსეთზე დაიწყო ლაპარაკი. ორი რუსეთი კი ერთ სახელმწიფოში სახიფათო რამ არის.“

მოსკოვში საპროტესტო მიტინგზე 15 000 ადამიანი ორი საათის განმავლობაში იდგა ქუჩაში. ალექსანდრა დიმიტრიევა ერთ-ერთი მათგანია. მისი თქმით:“ მე თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება მსურს, როდესაც ყველას თავისი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება. უკვე მოგვბეზრდა დუმილი, თუ საჭირო იქნება კიდევ გამოვალ ქუჩაში.“

ალექსეი ნაუმოვი ამ არჩევნებზე ერთ-ერთი დამკვირვებელი იყო. მისი განცხადებით:“ ფაქტიურად არჩევნები არც ჩატარებულა. ამ სიყალბეში ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც გამოვედი ქუჩაში, რომ ამ რეჟიმის წინააღმდეგი ვარ.“

19 წლის სტუდენტი ტატიანა პარიევა ეჭვობს როგორ მოაგროვა პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 64%-ი. მისი თქმით:“ ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები, არცერთ ჩემს ნაცნობს პუტინისთვის არ მიუცია ხმა.“

პოლიტოლოგების აზრით, თუ რუსეთის მოქალაქეთა პოლიტიკური აქტიურობა ასეთი მაღალი იქნება, ვლადიმერ პუტინს გაუჭირდება კრემლში ძალაუფლების შენარჩუნება.