რუსეთმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე პარასკევს, 10 თებერვალს, სარაკეტო დარტყმები განახორციელა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიტანილმა იერიშებმა ბევრგან ელექტროენერგიის გამორთვა გამოიწვია.
ზაპორიჟიის მერის მოვალეობის შემსრულებლის ცნობით, ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს, ერთი საათის განმავლობაში 17 რაკეტა მოხვდა.
საჰაერო განგაშის სირენები მთელ ქვეყანაში ამოქმედდა. ხელისუფლებამ ხალხი გააფრთხილა, სირენებისთვის ყურადღება მიექცია და ხმის გაგონებისას თავშესაფარი ეძებნათ.
ასევე ნახეთ: როგორ იცავს უკრაინა ცას რუსული რაკეტებისგან?მოსკოვმა სარაკეტო დარტყმები მიიტანა ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში, პარიზში და ბრიუსელში ვიზიტების კვალდაკვალ, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს ავიაგამანადგურებლები სთხოვა, რაც კიევს რუსეთის აგრესიის მოგერიებაში დაეხმარება.
აშშ, გერმანია და ნატოს სხვა მოკავშირეები უკრაინას ტანკების გადაცემას დაჰპირდნენ, მაგრამ ეს დროს მოითხოვს. უკრაინას კი ჯერჯერობით საკმარისი ტანკები არ ჰყავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონტრიერიშზე გადავიდეს და დაპყრობილი ტერიტორია გაათავისუფლოს.
ბრიტანეთის თავდაცვამ პარასკევს თქვა, რომ რუსულმა ძალებმა „სავარაუდოდ ტაქტიკური წარმატება მოიპოვეს“ უკრაინის ორ საკვანძო ადგილზე, დონბასის ქალაქ ბახმუტის გარეუბანში და ქალაქ ვუჰლედარის დასავლეთ საზღვართან. ლონდონის განცხადებით, „ვაგნერის ჯგუფის" ძალებმა ბახმუტთან 2-3 კილომეტრით დასავლეთისკენ წაიწია და ქალაქისკენ მიმავალი მთავარი გზის მახლობლად ტერიტორიას აკონტროლებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სავარაუდოდ რუსეთმა ცოცხალი ძალის მძიმე დანაკარგები განიცადა, რადგან იქ „გამოუცდელი ქვედანაყოფები“ გადაისროლეს.