სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა, 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების საბოლოო დასკვნა გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს გადაუგზავნა. ეს ნიშნავს, რომ მალერმა პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის კავშირების, ასევე რუსეთის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის თაობაზე 22 თვიანი გამოძიება დაასრულა.
გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ორი წლის განმავლობაში, გამოძიება დრამატულად გასდევდა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის. პრეზიდენტი მას მოიხსენიებდა, როგორც "კუდიანებზე ნადირობას".
ახალი ამბების სააგენტოს, "ასოცირებული პრესის" ინფორმაციით, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელის ეყრდნობა (რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა) მალერი დასკვნაში დამატებით ბრალს არავის წარუდგენს.
ამ დროისთვის, "რუსეთის გამოძიებამ" ბრალი 37 ადამიანს წაუყენა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის ექვს წარმომადგენელს. მათ შორის: მაიკლ ფლინს, ტრამპის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში; პოლ მანაფორტს, საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს; მისი მოადგილეს - რიკ გეიტსს; ჯორჯ პაპადოპულოსს, ყოფილ მრჩეველს საგარეო საკითხებში და მაიკლ კოენს, ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატს. გამოძიებამ დაკითხვაზე გამოიძახა ტრამპის დიდი ხნის თანამებრძოლი და მრჩეველი როჯერ სტოუნიც. ტრამპთან დაახლოებული ადამიანების გარდა, მალერის რუსეთზე გამოძიებამ ბრალი 20-ზე მეტ რუსეთის აგენტს წაუყენა.
მნიშვნელოვანია იქნება თუ არა საჯაროდ ხელმისაწვდომი "მალერის ანგარიში". პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის დასკვნის გასაჯაროებას ემხრობა. ბარის თქმით ის კონგრეს გამოძიების მთავარი მიგნებების შესახებ ინფორმაციას "ამ უქმეებზევე გაუგზავნის". კანონში ანგარიშის გასაჯაროების მოთხოვნა ჩადებული არ არის.
სენატში დამტკიცების დროს, უილიამ ბარს კანონმდებლებმა კითხეს ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მომავალმა გენერალურმა პროკურორმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და თქვა, რომ ანგარიშის შესახებ უზრუნველყოფს "იმ დონის გამჭვირვალობას, რამდენსაც შეძლებს". გენერალური პროკურორის თქმით, ის დასკვნის საფუძველზე საკუთარ ანგარიშს დაწერს.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა განაცხადა, რომ თეთრი სახლისთვის სპეციალურ გამომძიებელს დასკვნა არ გაუცვნია.
ამ ეტაპზე ორი მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება. პირველი: იყო თუ არა კოორდინაცია ტრამპის კამპანიას და რუსეთის აგენტებს შორის, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით? და მეორე: თუკი მართლაც მოხდა ერთგვარი შეთქმულება, მონაწილეობდა თუ არა მასში თავად პრეზიდენტი ტრამპი? ჯერჯერობით არცერთ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი, ან დამამტკიცებელი საბუთი მალერის გამოძიებიდან არ იკვეთება და არც მის მიერ წაყენებულ ბრალდებებში ჩანს.