პუტინი ხელმოწერით აჩერებს რუსეთის მონაწილეობას ცივი ომის დროინდელ შეთანხმებაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც ჩერდება ქვეყნის მონაწილეობა ცივი ომის დროინდელ შეთანხმებაში. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება, საშუალო რადიუსის ბირთვულ ძალებს შეეხებოდა.

კანონი, რომელსაც გასულ თვეში პარლამენტმა მხარი დაუჭირა, 3 ივლისს, მთავრობის ოფიციალური ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.

თებერვალში, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა 1987 წელს დადებულ შეთანხმებაში, როდესაც ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს ბრალი დასდეს, რომ ის სარაკეტო სისტემების განლაგებას ახდენდა, რაც შეთანხმებას არღვევს.

რუსეთმა, რომელიც ბრალდებას უარყოფს, იგივე გაიმეორა. მოსკოვი შეთანხმების დარღვევას შეერთებულ შტატებს აბრალებს, რასაც ვაშინგტონი უარყოფს.

საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების თაობაზე შეთანხმება ამ სახის პირველი შეთანხმება იყო, რომლითაც რაკეტების მთელი კლასი უნდა განადგურებულიყო.

შეთანხმება შეერთებულ შტატებს და რუსეთს უკრძალავდა შეემუშავებინათ, ეწარმოებინათ და განელაგებინათ ხმელეთიდან გასაშვები ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 500-დან 5000 კილომეტრამდე იყო.