რუსეთი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პატიმრების გაცვლის საკითხთან დაკავშირებით კონტაქტი აქვს, თუმცა კრემლის პრესსპიკერი აქვე განმარტავს, რომ დამატებით დეტალებზე ჟურნალისტებთან საუბარს არ აპირებს.
მოსკოვში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები შეეხება „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩსაც.
„კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ პრეზიდენტ [პუტინის] განცხადება. სანქტ-პეტერბურგში, საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან საუბრისას მან დაადასტურა, რომ ასეთი კონტაქტები არსებობს... ის გაგრძელდება, მაგრამ უნდა გაგრძელდეს სრული დუმილით. ამიტომ, ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება ან ინფორმაციის მიწოდება არ შეიძლება“, - ამბობს პესკოვი.
კრემლის პრესსპიკერი ვლადიმირ პუტინის მიერ, თვის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებას ეყრდნობა. მაშინ ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პატიმრების გაცვლის საკითხზე კონტაქტი არსებობდა.
Your browser doesn’t support HTML5
აქვე, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა წარიმართოს დახურულ კარს მიღმა ამერიკელი ჟურნალისტის სასამართლო პროცესი. დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მას ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.
„ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“,- ამბობს დმიტრი პესკოვი.
32 წლის გერშკოვიჩი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ეფ ეს ბემ] 2023 წლის 29 მარტს, ქალაქ ეკატერინბურგში დააკავა და მას ბრალად ჯაშუშუობა ედება, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გერშკოვიჩმა წაყენებული ბრალდება არაერთხელ უარყო.
რუსეთში, ამერიკელი ჟურნალისტი ცივი ომის შემდეგ პირველად დააკავეს.