გაერო: რუსეთმა 800-ზე მეტი ადამიანი დააკავა, აქედან 77 სიკვდილით დასაჯა

უკრაინაში გაეროს სადამკვირვებლო მისია ამბობს, რომ 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთმა 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა და მათდან 77 სიკვდილით დასაჯა.

36 გვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ გაეროს წარმომადგენლებმა მონაცემების დასაზუსტებლად და ვითარების შესაფასებლად დაკავების ცენტრებში 70 ვიზიტი განახორციელეს და 1 000-ზე მეტი ინტერვიუ ჩაწერეს.

ასევე ნახეთ: პუტინი: დიდი სისხლისღვრა თავიდან ავიცილეთ

„ჩვენ დავაფიქსირეთ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვებისა და მოხუცების თვითნებური დაკავების 900-ზე მეტი შემთხვევა,“- ამბობს მატილდა ბოგნერი, რომელიც უკრაინაში გაეროს მისიას ხელმძღვანელობს.

„ამ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა, რუსეთმა ჩაიდინა,“- ამბობს ის და განმარტავს, რომ რუსეთის ქმედებები რაც გამოხატულია მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებაში, წამებასა და მკვლელობაში - ომის დანაშაულებს წარმოადგენს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 864 მშვიდობიანი მოქალაქის დაკავება როგორც უკრაინის ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, ამ საქმეებიდან გაერომ სრულყოფილად შეძლო 178 საქმის დეტალური შესწავლა და დოკუმენტირება. უმრავლეს შემთხვევაში ფიქსირდება დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობა გამოხატული წამებით, იქნება ეს ელექტროშოკის გამოყენება თუ ე.წ. „ცხელი ყუთები“.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განმარტავს, რომ რუსეთთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებით საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია უკრაინამაც, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ მასშტაბი გაცილებით მცირეა. გაერომ ასეთი 75 შემთხვევა დააფიქსირა, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ არცერთი მათგანი სიკვდილით დასჯის ან მკვლელობის ეპიზოდს არ მოიცავს.

უკრაინაში გაეროს წარმომადგენლობა ამბობს, რომ კიევმა მათ სრული წვდომა მისცა მასალებზე, რამაც საგამოძიებო პროცესს ხელი შეუწყო, მაშინ როცა რუსეთი პროცესს ეწინააღმდეგებოდა.