ყირიმში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში 18 ადამიანი დაიღუპა

რუსი გამომძიებლების განცხადებით, ყირიმის ტექნიკურ სასწავლებელში მომხდარ აფეთქებაში და სროლაში პასუხისმგებელია 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც კოლეჯის სტუდენტი იყო. ქალაქ ქერჩში დღეს 18 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა. ადგილობრივი ომბუდსმენის თქმით, მოკლულთა უმრავლესობა სტუდენტია.

რუსეთის უმაღლესი ოფიციალური წარმომადგენელი ყირიმში სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ სტუდენტმა ჯერ ბომბი ააფეთქა, შემდეგ შენობაში იარაღით შეიჭრა და სროლა ატეხა, ბოლოს კი თავი მოიკლა. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა მომხდარის საგულდაგულო გამოძიების განკარგულება გასცა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ შეტევის ორგანიზებაში შესაძლოა ერთზე მეტი ადამიანი ყოფილიყო ჩართული. ამ ეტაპზე გამომძიებლები მკვლელის სავარაუდო მოტივის დადგენაზე მუშაობენ.

რუსეთმა 4 წლის წინ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა. ამ უკანონო ქმედების გამო, დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დააკისრა.