რუსეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 10,000-ს გადააჭარბა

დღეს რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 1 459 ფაქტი დაფიქსირდა. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 76 ადამიანი.

შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა მოსკოვშია დაფიქსირებული. რუსეთის ბევრ სხვა რეგიონში მეორე კვირაა, რაც ნაწილობრივი კარანტინი შემოიღეს. მოსახლეობას ბოლო ორი კვირის მანძილზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

რუსეთში ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყო. თუმცა, მთავრობის ტონი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში შეიცვალა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ოფიციალური მონაცემები რეალობას ვერ ასახავს და სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩანს. კრემლის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მალავს რეალურ სურათს, იქნება ეს ინფიცირების რაოდენობის, საჭირო აღჭურვილობის თუ ჰოსპიტალური სექტორის მზაობის კუთხით.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის რეგიონების ლიდერებს მოუწოდა, გადაწყვეტილებები ადგილზე შექმნილი ვითარების მიხედვით მიიღონ. 8 აპრილს სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე ისაუბრა იმ ბიზნესების ეკონომიკურ დახმარებაზე, რომლებიც კორონავირუსმა დააზარალა.