რუსეთში პირველ მაისს, 24 საათში კორონავირუსის 7 933 შემთხვევა დადასტურდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 114 431 შემთხვევაა დაფიქსირებული.
პირველი მაისის მაჩვენებელი 900 შემთხვევით მეტია, ვიდრე გასული დღის მონაცემები. ოფიციალური ცნობებით, ქვეყანაში ვირუსით 1 169 ადამიანია გარდაცვლილი. თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი რეალობას ვერ ასახავს. მათი აზრით, ამას ადასტურებს პნევმონიის შემთხვევების ზრდა, რაც კოვიდ-19-ის თანმდევი გართულებაა.
შემთხვევების ზრდასთან ერთად, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს, რომელმაც დმიტრი მედვედევი ამ პოსტზე რამდენიმე თვის წინ ჩაანაცვლა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინს ონლაინ შეხვედრის დროს თავად უთხრა და საკუთარი მოვალეობის შემსრულებლად თავისი მოადგილე, ანდრეი ბელოუსოვი დანიშნა. დისტანციურ მუშაობაზე გადასულმა რუსეთის პრეზიდენტმა, მიშუსტინის შეთავაზება დააკმაყოფილა და პრემიერ-მინისტრს "ნოვო ოგარევოდან" მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ახალი კორონავირუსი, გავრცელებული ცნობებით, დაუდასტურდა ასევე, ბიზნესმენ კონსტანტინ მალოფეევს. მალოფეევი დასავლეთის მიერ სანქცირებულია, უკრაინის კონფლიქტში მისი როლისა და დასავლური ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის მცდელობის გამო. ის ტელეკომპანია “ცარგრადის“ დამაარსებელი და რუსი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის მთავარი დამფინანსებელია. დუგინი ანტი-დასავლური შეხედულებებით გამოირჩევა. ის პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის და რუსეთის ევრაზიული ამბიციების მხარდამჭერია.