პარასკევს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ უკრაინის სიახლოვეს, რუსეთმა მასშტაბური შეჭრისთვის საკმარის ჯარს მოუყარა თავი. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლურ დიპლომატიას კიდევ უფრო ხისტი პასუხი გასცა, თეთრმა სახლმა ამერიკის ყველა მოქალაქეს, 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვებისკენ დაჟინებით მოუწოდა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ რუსული თავდასხმა შესაძლოა ნებისმიერ დღეს დაიწყოს. უკრაინაზე შეტევა სავარაუდოდ საჰაერო იერიშით დაიწყება.
მან თქვა, აშშ-ის დაზვერვას სჯერა, რომ კიევზე სწრაფი თავდასხმაც არის შესაძლებელი. დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუძლია შეჭრის ბრძანება პეკინის ოლიმპიადის დასრულებამდე, 20 თებერვლამდე გასცეს.
ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინის საზღვრებზე დამატებით ძალებს აგზავნისსალივანის განცხადებით, ჯერჯერობით ნათელი არ არის, პუტინმა ასეთი ბრძანება ნამდვილად გასცა თუ არა. შესაძლოა, ის ელოდება, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარს მოითხოვს.
ბაიდენს კრიზისის თაობაზე სატელეფონო საუბარი ჰქონდა ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის და რუმინეთის ლიდერებთან, ასევე ნატოს და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან.
ტელეფონით შემდგარი შეხვედრის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმა, სხვა რამდენიმე ქვეყნის მსგავსად, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს იაპონიის, ლატვიის, ნორვეგიის და ჰოლანდიის მთავრობებმა. ისრაელმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან საელჩოს თანამშრომლების ნათესავები გაჰყავს.
თეთრის სახლის მრჩეველმა ასევე თქვა, რომ არ შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს, თუ უკრაინაში რუსული ინტერვენცია რამდენად შეზღუდული ან ფართო იქნება. „არის ძალიან რეალური შესაძლებლობა, რომ მოხდეს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაპყრობა და დიდი ქალაქების, მათ შორის დედაქალაქის დაკავება“, თქვა სალივანმა.