რუსი ტელეწამყვანი, არტიომ შეინინი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს “დამოუკიდებელ” სახელმწიფოებად არ განიხილავს.
შეინინმა, საკუთარ გადაცემში “დრო გვიჩვენებს”, ამერიკელ გადამდგარ გენერალთან, ბენ ჰოჯესთან “ამერიკის ხმის” ინტერვიუ მიმოიხილა.
გადაცემა “ვაშინგტონი დღეს” წამყვან ია მეურმიშვილთან საუბრისას გენერალმა ჰოჯესმა განაცხადა, რომ მომავალ სამიტზე ნატომ საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. "მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20 პროცენტის -- აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის -- ოკუპაციას აგრძელებს. მაგრამ ნატოში, ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს. ეს გერმანიაა." ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა გენერალმა ანალოგია განმარტა და თქვა, რომ "აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ასობით ათასი ჯარისკაცის ოკუპაციის ქვეშ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ალიანსმა გერმანია წევრად მიიღო. ამის გამო, ვფიქრობ, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც შეიძლება საქმის გადაჭრა."
რუსეთის “პირველი არხის” ჟურნალისტისთვის, ამერიკელი გენერლის განცხადება მიუღებელი და არალოგიკური აღმოჩნდა. შეინინის აზრით, გერმანიის მაგალითი საქართველოს კონტექსტში ვერ გამოდგება. ის ამბობს, რომ გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკები სხვადასხვა სახელმწიფოები იყო. ამ განცხადებით, ტელეწამყვანმა, კრემლის მიერ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიოფოებად აღიარება, ფაქტობრივად, გააქარწყლა (სეგმენტის დრო 39:45).
გენერალ ბენ ჰოჯესთან სრული ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.