რუსი ბიზნესმენის უცაბედი სიკვდილი

ალექსანდრ პერეპელიჩნიმ შვეიცარიის პროკურატურას რუსეთის ხელისუფლებაში არსებული კორუფციის შესახებ ჩვენება მისცა
ნოემბრის დასაწყისში რუსი ბიზნესმენის ალექსანდრ პერეპილიჩნის ცხედარი ბრიტანეთის პოლიციამ მისი ფეშენებელური სახლის მახლობლად აღმოაჩინა. იყო ეს მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა გამოძიება დაადგენს.

10 ნოემბერს, ლონდონიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარე ტყეში, სადაც მდიდრების პატარა დასახლებაა, პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები გამოიძახეს, მაგრამ მოულოდნელად ცუდად გამხდარი 44 წლის რუსი ბიზნესმენის გადრჩენა ვეღარ შეძლეს.

ალექსანდრ პერეპელიჩნი რუსეთიდან სამი წლის წინ წავიდა ბრიტანეთში, მას შემდეგ რაც შვეიცარიის პროკურატურას ჩვენება მისცა რუსეთის ხელისუფლებაში არსებული კორუფციისა და კრიმინალური ბანდების ფულის გათეთრების შესახებ.

მან გამოძიებას რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კორუფციის საქმეებზე მუშაობდა და დაპატიმრებიდან სამი წლის შემდეგ ციხეში გარდაიცვალა. რუსი ადამიანის უფლებათა დამცავების განცხადებით, ის სავარაუდოდ ცემაში შემოაკვდათ.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ბრიტანეთში გახშირდა რუსების უცნაური მკვლელობები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და კორუფციასთან იყო დაკავშირებული.

2006 წელს რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებმა რადიოაქტიული ნივთიერებით მოწამლეს. რუსეთმა ამ საქმესთან დაკავშირებული პირების ბრიტანეთში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

ჯერ-ჯერობით უცნობია შემთხვევითი იყო თუ არა პერეპილნიჩის სიკვდილი, თუმცა როგორც რუსეთში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ენდრიუ ვუდი აცხადებს: „ამ ქვეყნის სათავეში ისეთი ხალხია, რომლებიც კანონის უზენაესობას არ აღიარებენ, რაც სხვებსაც უბიძგებს იმისკენ, რომ ყველანაირი გზებით მიაღწიონ წარმატებას.“

ამგვარი მენტალიტეტი ფაქტიურად შეუძლებელს ხდის კორუფციასთან ბრძოლას რუსეთში. როგორც ენდრიუ ვუდი აღნიშნავს, კორუფცია და მასთან დაკავშირებული მკვლელობები კიდევ უფრო უწყობს ხელს რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობის გაღვივებას. რაც რუსეთის ლიდერებს ანტი-დასავლური რიტორიკის გაძლიერების საშუალებას აძლევს.

ახლა ბრიტანეთში ექსპერტიზა დაადგენს რუსი ბიზნესმენის სიკდილის მიზეზებს და თუ ის მართლაც მოკლული იყო, დაიწყება გამოძიება მისი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.