რუსეთი აშშ-ს წარმატებული ოპერაციის ჩატარებას ულოცავს

რუსეთი აშშ-ს წარმატებული ოპერაციის ჩატარებას ულოცავს

რუსი ოფიციალური პირები შეერთებული შტატების მიერ ოსამა ბინ ლადენის მოკვლის ფაქტს საკმაოდ თბილად მიესალმენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სერგეი ლავროვმა - რომელიც პრო-ამერიკულ განცხადებებს თითქმის არასოდეს აკეთებს, ამჯერად მოლოცვის ტექსტი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია: „როგორც ანტი-ტერორისტული კოალიციის წევრები, ამერიკელთა გრძნობებს გულწრფელად ვიზიარებთ“.

ისლამური ტერორიზმის დამარცხება ის ერთ-ერთი იშვიათი თემაა, რომელიც ამერიკას და რუსეთს, ყოფილი ცივი ომის მეტოქეებს, დღეს აერთიანებს. შარშან იმდენივე რუსი უშიშროების თანამშრომელი დაიღუპა ჩრდილოეთ კავკასიაში, რამდენიც ამერიკამ დაკარგა ავღანეთში. იგივე უნდა ითქვას სამხედროებზეც. გასულ წელს 440 რუსი პოლიციელი და ჯარისკაცი დაიღუპა კავკასიაში.

ორივე ქვეყნის შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, ოსამა ბინ ლადენის გავლენა მორალურ-ფსიქოლოგიური იყო და არა უშუალოდ მოქმედი ხელმძღვანელის. ალექსანდრე ჩერქეზოვი კავკასიის ექსპერტი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ამბობს, რომ ბინ ლადენი რუსეთის რადიკალურად განწყობილი მუსლიმი მოსახლეობისთვის დაუმარცხებლობის და სიძლიერის სიმბოლო იყო.

ის აცხადებს, რომ ამჯერად მეამბოხეების დაფინანსება ძირითადად ლოკალურად ხდება და არა უცხო ქვეყნებიდან.

პაველ ბაევი კავკასიის ექსპერტია საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტში, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მდებარეობს. ისიც ადასტურებს, რომ მათი მონაცემებით ჩრდილო კავკასიელი მეამბოხეები საუდის არაბეთიდან დიდი ხანია, რაც აღარ ფინანსდებიან. ისინი ისევ მოსკოვიდან გაწეული სეროზული დახმარებების ხარჯზე განაგრძობენ არსებობას.

„დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფინანსების სტრუქტურა სათავეს მოსკოვში იღებს, და არსად სხვაგან, არცერთი გარეშე ქვეყნიდან. ასე რომ ალ ყაიდას ჩრდილო კავკასიაში უფრო სიმბოლური - შთამაგონებელი როლი ენიჭება, როგორც იდეალების და რიტორიკის შემქმნელს. არც მეტი, არც ნაკლები“.

ახალგაზრდობაში ოსამა ბინ ლადენი ავღანეთში საბჭოთა ჯარისკაცების წინააღმდეგ იბრძოდა. მას ხშირად ნახავდით ფოტოებში რუსული კალაშნიკოვით, რომელიც ბინ ლადენმა 80-იან წლებში მის მიერ მოკლულ რუს ჯარისკაცს აართვა.

1996 წელს, მაშინ როცა რუსული ჯარები ჩეჩნეთიდან გამოვიდნენ, აიმან ალ ზავაჰირი, იმხანად ალ ყაიდას ნომერ მეორე ლიდერი, ჩეჩნეთში ჩავიდა. ის ალ ყაიდასთვის მოძრაობის დასაფუძნებლად ახალ ადგილს ეძებდა. ჩეჩნეთიდან დაბრუნებისას ზავაჰირი რუსმა სამართალდამცავებმა დაიჭირეს. მან მეზობელი დაღესტანის ციხეში რამდნეიმე თვე დაჰყო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ავღანეთი ალ ყაიდას დასაბინავებლად უფრო უსაფრთხო იქნებოდა.

სამი წლის შემდეგ, როცა რუსეთის არმია კვლავ დაბრუნდა ჩეჩნეთში კონტროლის აღსადგენად, ათასობით არაბი მოჯაჰედი ჩავიდა იქ რუსეთთან საომრად. თუმცა, რუსი უშიშროების ექსპერტი, ანდრეი სოლდატოვი, ამბობს, რომ ჩეჩნეთში მებრძოლი დაქირავებული უცხოელები ბინ ლადენზე და საუდის არაბეთის დაფინანსებაზე დამოკიდებულნი არასოდეს ყოფილან. ბინ ლადენის სამიზნემ მაშინ რუსეთიდან ამერიკაზე გადაინაცვლა.

ამის საწინააღმდეგოდ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი მეამბოხეები ძალიან ხშირად აცხადებენ, რომ ისინი ორგანიზაცია ალ ყაიდას წევრები არიან. ყოველწელიურად კავკასიის მთებში დაღუპულთა შორის რამდენიმე არაბ მებრძოლსაც პოულობენ. სულ ორი კვირის წინ რამზან კადიროვმა, ჩეჩნეთის ხელისუფალმა, განაცხადა, რომ მისმა ჯარისკაცებმა ჩრდილო კავკასიაში ალ ყაიდას მთავარი წარმომადგენელი მოკლეს. მისი სახელია ჰალედ იუსუფ მუჰამედი და ის საუდის არაბეთის მოქალაქე იყო. ჩეჩნეთის ლიდერს მიაჩნია, რომ ბინ ლადენის სახით რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ქარიზმატული ფიგურა დაკარგა.

დღეს რუსეთი ცხრა მაისის ზეიმისთვის ემზადება. წითელ მოედანზე ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული სამხედრო აღლუმი გაიმართება. რუსი უშიშროების სამსახურები ამ დღისთვის განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. მათ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაც თადარიგი უკვე დაიჭირეს. ალექსანდრე ბორტნიკოვის, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მეთაურის თქმით, ტერორისტების მომავალი სავარაუდო სამიზნე სწორედ რუსეთის სამხრეთით მდებარე მშვიდ საზღვაო ქალაქში გამართული ოლიმპიური თამაშები იქნება.