რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სირიის ქალაქ ჰომსის ჩრდილოეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ლოკალური შეთანხმება ამოქმედდა.
სამინისტროს სპიკერმა მაიორმა გენერალმა იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ დროებითი ზავი ძალაში ადგილობრივი დროით შუადღისას შევიდა და ის მოიცავს 147 000-ზე მეტი მცხოვრებით დასახლებულ ზონას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეთანხმების დეტალები გასულ კვირას, კაიროში გამართულ შეხვედრაზე დაზუსტდა. შეხვედრას რუსული მხარისა და სირიელი ამბოხებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეს რიგით მესამე შეთანხმებაა, რომელიც ასტანაში იანვრიდან დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ამ მოლაპარაკებებისას რუსეთი, ირანი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ დაეწესებინათ ე.წ. "დეესკალაციის ზონები" სირიაში.
რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამხედრო პოლიცია დროებითი ზავის შესრულებას დააკვირდება და გააკონტროლებს.