რუსეთმა გააჟღერა გაფრთხილება, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ჩრდილოეთ ავღანეთის საერთაშორისო ტერორიზმის „ საყრდენ ბაზად“ და რეგიონში „დამანგრეველი“ ხალიფატის „პლაცდარმად“ გადაქცევას ცდილობს.
პაკისტანში რუსეთის ელჩმა ალექსეი დედოვმა განაცხადა, რომ „დაეშის“ საერთაშორისო ფრთა, სირიის და ერაყის საზღვრებს გარეთ ტერორიზმის გავრცელებისკენ მიმართული ძალისხმევის სათავეშია.
ელჩს დეტალურად არ უსაუბრია, მაგრამ რუსეთი და ირანი შეერთებულ შტატებს, ავღანეთში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებაში სდებენ ბრალს.
ამ კვირის დასაწყისში ირანის უმაღლესმა სამხედრო პირმაც გამოთქვა ბრალდება, რომ შეერთებული შტატები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ავღანეთში გადასროლას ახდენს, რათა რეგიონული არასტაბილურობა გაამწვავოს და იქ საკუთარი ყოფნა გაამართლოს.
ვაშინგტონი ამ ბრალდებებს „ჭორებს“ უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს.