რუსეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყო. ინფორმაციას წვრთნების განახლების შესახებ კრემლი ავრცელებს, რომელშიც რუსი და ბელარუსი სამხედროები მონაწილეობენ.
წვრთნების მეორე ეტაპი „არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის“ რუსი და ბელარუსი ქვედანაყოფების ერთობლივ მუშაობას მოიცავს.
„ევროპის კონტინენტზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რასაც ყოველდღიურად პროვოცირებს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპული დედაქალაქების ახალი გადაწყვეტილებები და ქმედებები, უპირველეს ყოვლისა ვაშინგტონის მხრიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი წვრთნები და საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.
ასევე ნახეთ: პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უსაფრთხოებაწვრთნების მეორე ეტაპი 11 ივნისს დაიწყო, მანამდე კი ბელარუსში წვრთნების პირველი ეტაპი გაიმართა. რომლის დროსაც რუსმა სამხედროებმა ბელარუს სამხედროებს ისკანდერის რაკეტების და კინჯალის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენება და განლაგება ასწავლეს.
შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება მოხდებოდა კრემლსა და მინსკს შორის დაახლოებით ერთი წლის წინ გაფორმდა, მიზეზად კი დასავლეთიდან მომდინარე საფრთხე იყო დასახელებული.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი მზად არის გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ვლადიმირ პუტინი აქვე განმარტავს, რომ არ იგეგმება ცვლილებების შეტანა დოქტრინაში, რომელიც განსაზღვრავს რა პირობებში შეიძლება იყოს გამოყენებული ბირთვული იარაღი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ რუსეთის სტრატეგიულ ბირთვულ პოზიციონირებაში ცვლილებები არ შეინიშნება. თუმცა, დაზვერვის მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვის საუბარი ბირთვული იარაღის შესახებ სერიოზულად უნდა იქნას განხილული. აღნიშნულ საკითხზე, რუსეთის რიტორიკას თეთრ სახლში, წარსულში, შეაფასეს, როგორც "უპასუხისმგებლო".
ამერიკელი მეცნიერების ფედერაციის მიხედვით, შეერთებული შტატები და რუსეთი ამ დროისთვის მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის დაახლოებით 88 პროცენტს ფლობენ.