რუსეთი ბოლივიის ოპოზიციას ქვეყანაში არეულობასა და ძალადობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლების მოწოდებები დიალოგისკენ, ორკესტრირებული და მართული ამბოხით გადაიფარა.
ბოლივიის პრეზიდენტმა, ევო მორალესმა, კვირას განაცხადა, რომ დაძაბულობის დასაცხრობად მზადაა გადადგეს. თუმცა, ამან კიდევ უფრო გაამწვავა არჩევნების შემდგომი დაძაბულობა, რადგან პრეზიდენტის თქმით, ის ამბოხების მსხვერპლი გახდა.
მოსკოვს ბოლივიაში კომერციული ინტერესები აქვს. იქ რუსეთის სახელმწიფო ბირთვული სააგენტო ბირთვულ ცენტრს აშენებს. მორალესი მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ივნისში ჩავიდა და ბოლივიის გაზისა და ლითიუმის მიმართულება, სამომავლო თანამშრომლობის სფეროებად დაასახელა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და სამოქალაქო ლიდერებს მოუწოდებს ევო მორალესის გადადომის შემდეგ სიტუაციაზე კონტროლი შეინარჩუნონ.
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გარდამავალ პერიოდში კონსტიტუციით განსაზღვრული სამოქალაქო ხელისუფლება იყოს ძალაუფლების სათავეში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ძალადობისგან თავი შეიკავონ ამ დაძაბულ პერიოდში და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ ბოლივიაში დემოკრატიისა და კონსტიტუციური წესრიგის შესანარჩუნებლად", - ამბობს "როიტერის" წყარო სახელმწიფო დეპარტამენტიდან.