საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური დასრულდა

არჩევნები 2021

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. საარჩევნო უბნები თბილისის დროით დაიხურა 20:00 საათზე.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, საარჩევნო პროცესი უბნების უმრავლეს ნაწილში მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ამასთან ერთად, რიგ მუნიციპალიტეტში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის.

ასევე ნახეთ: დეგნანი: ეს არჩევნები კარგი საშუალებაა იმის სანახავად, თუ როგორ მუშაობს საარჩევნო რეფორმები

საარჩევნო დარღვევების თაობაზე იტყობინებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მმართველი პარტია კი დარწმუნებულია, რომ არჩევნები წესებისა და პროცედურების დაცვით წარიმართა, ხოლო ოპოზიცია პროვოკაციებით იყო დაკავებული.

დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართა. მეორე ტურისთვის 1830 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩევლებს მოემსახურა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე 29 სპეციალური უბანი.