ვარდების რევოლუციამ საქართველოს უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი წყალგამყოფი როლი ითამაშა. 2003 წლის საქართველო ბევრი ინდიკატორით შეუმდგარ სახელმწიფოს წარმოადგენდა: მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურებით, ღრმად გამჯდგარი კორუფციის და კრიმინალიზაციის ელემენტებით. 2003 წლამდე, საქართველოს მდგომარეობა, მაშინ საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ მაილსმა შემდეგნაირად შეაფასა: „მე არასდროს ვყოფილვარ ადგილზე, სადაც უიმედობა მოსახლეობაში და მთავრობაშიც კი ასე იგრძნობოდა“.
2003 წლის ნოემბრის შემდეგ, საქართველომ აქტიური რეფორმების გატარება დაიწყო, კორფუციის აღმოფხვრის, ინსტიტუტების შენების, სამართალდაცვითი სისტემის და ეკონომიკური განვითარების კუთხით. თუმცა, 2007 წლის შემდეგ ეს პროცესი შენელდა. წარსულის შეფასებისას, ხშირად იმ პრობლემებსაც უსვამენ ხაზს, რაც მომავალ წლებში გამოიკვეთა ადამიანის უფლბების, მედია თავისუფლების თუ ძალაუფლების გადამეტების კუთხით. თუმცა, მიმომხილველები ამბობენ, რომ მიუხედავად პრობლემებისა, რევოლუციის მემკვიდრეობა საქართველოსთვის პოზიტიურია.
„დღეს, ვარდების რევოლუციას ხშირად განიხილავენ მიმდინარე დებატების ჭრილში. დაგვეხმარება ის, თუ უკან გავიხედებით და ვნახავთ, თუ რამდენად დისფუნქციური იყო საქართველო 2003 წლამდე. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მდგომარეობა ბევრად გაუმჯოესდა, სახელმწიფომ (ძირითადად) ხალხისთვის დაიწყო მუშაობა, კანონიერი ქურდები თავიდან იქნა მოშორებული, გზები აშენდა და შენარჩუნდა. რომ შევაჯამოდ, იყო პროგრესი ბევრი მიმართულებით“, - ამბობს ჰანს გუტბროდი, საქართველოში მცხოვრები მკლევარი, რომელიც ფინანსურ გამჭირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.
მისი თქმით, მთავარი მიღწევა ხელისუფლების შემდგომი მშვიდობიანი გადაცემა იყო.
„ყველაზე დიდი წარმატება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, უხალისოდ, თუმცა მაინც ხელისუფლების გადაცემა იყო. ამას არ ვამბობ დღეს სააკაშვილის გასამართლებლად, არამედ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვა, რომ საქართველო წინ ყველაზე უკეთ იმ შემთხვევაში წავა, თუ პროგრესს უფრო მეტად გავანალიზებთ, მაშინდელსაც და დღევანდელს“, - ამბობს ის.
რეფორმები წარმატებულად შეფასდა დასავლეთში. გაუმჯობესდა საქართველოს რეიტინგები საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამონათვალში, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობის, ჰერიტიჯის ფონდის და „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევებში. ვაშინგტონში გაჩნდა იმედი, რომ თბილისი შესაძლოა ყოფილიყო მაგალითი რეგიონისთვის, და მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა საქართველო, ყველასთვის ცნობილი ფრაზით, „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსეინა,
„ვარდების რევოლუციამ", უფრო მეტად, ვიდრე სხვა ნებისმიერმა „ფერადმა რევოლუციამ“ მოახერხა მდგრადი ცვლილებები მოეტანა ქართველი ხალხისთვის, და ეს ადასტურებს ლიდერობის და პოლიტიკური ნების მნიშვნელობას“, - ამბობს დამირ მარუსიჩი გამოცემიდან „ამერიკული ინტერესი“. „დღეს, ძალზედ მოდურია მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა ხელისუფლების გადამეტების თუ ექსცენტრიულობის გამო, თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ამბიციური რეფორმატორების ჯგუფთან ერთად, ომში და კორუფციაში ჩაფლული პოსტ-საბჭოთა პატარა ქვეყანა მოდერნიზებულ, ფუნქციონირებად დემოკრატიად აქცია“, - ამბობს ის.
თუმცა, ამ პოზიციას არ ეთახნმება ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვი. ის ხაზს უსვამს რევოლუციის შემდგომი პერიოდის თანამდევ პრობლემებს და ამბობს, რომ რევოლუციამ ბევრი იმედგაცრუებული დატოვა.
„როდესაც უკან ვიხედებით, 15 წლის შემდეგ, შეუძლებელია არ შეამჩნიო სინანული, რომ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ ვიმედოვნდებდით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში ვიხილეთ პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით, თუმცა, მისი ვადის დასასრულს ნათელი იყო, რომ მის ადმინისტრაციას სერიოზული ნაკლები და პრობლემები ჰქონდა, რაც საბოლოოდ დასრულდა არჩევნებში დამარცხების აღიარებით. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი ეტაპი საქართველოს განვითარების, წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი და ნახევარი ნაბიჯი უკან. იმედი მაქვს, მომავალი არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - ამბობს იალოვიცი.
პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო კამპანიის ფონზე, მომავალი არჩევნები იქნება ტესტი, რომელიც განსაზღვრავს რჩება თუ არა საქართველო განვითარების გზაზე და დემოკრატიული თამაშის წესების ერთგული.