ობამა რომნის უსწრებს

რესპუბლიკელი კანდიდატის რეიტინგი საიდუმლოდ გადაღებულმა ვიდეომ დააქვეითა
შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ამსახველი ბოლო გამოკვლევების მიხედვით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა რესპუბლიკელ მიტ რომნის უსწრებს. კამპანიების მიმდინარეობას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მელონი აკვირდება.

მიტ რომნი ესპანური ენის შემსწავლელ ცენტრში ესპანურენოვანი მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობდა.
„ჩემი კამპანია ასი პროცენტით ამერიკას ეხება და მე ვღელავ ამერიკელებზე. შეშფოთებული ვარ რომ ბოლო ოთხ წელიწადში ამერიკელთა ცხოვრება გაუარესდა,“
მიტ რომნი.

რესპუბლიკელთა კანდიდატი თავდაცვით პოზიციაში იყო, იმ საიდუმლო ვიდეოს შემდეგ, სადაც ასახული იყო მაისში მისი უპატივცემულო დამოკიდებულება ობამას მხარდამჭერების მიმართ.

რომნიმ განაცხადა, რომ 47 პროცენტი მხარს უჭერს პრეზიდნეტს, რადგანაც ისინი დამოკიდებულნი არიან სამთავრობო მოწყალებაზე და მთავრობის მსხვერპლს წარმოადგენენ.

ამას კი, ბარაკ ობამამ დევიდ ლეტერმანის შოუში უპასუხა.

„როდესაც მე ვხვდები რესპუბლიკელებს ქვეყანაში მოგზაურობის დროს, ისინი ძლიერად მუშაობენ, არიან მეოჯახე ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ამ ქვეყანაზე და მე მგონია, რომ თუ პრეზიდენტი ხარ ყველაზე უნდა ზრუნავდე და არ უნდა გამოარჩიო ადამიანები,“ - განაცხადა ობამამ.

ანალიტიკოსების განცხადებით, რომნი მისავე კომენტარებმა დააზარალა.

„მან შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩათვალა, რომ ამას საიდუმლოდ ამბობდა. დღევანდელ დღეს ყველაფერს იღებენ და იწერენ. არ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ამერიკელი ხალხის ნახევარი სხვაზეა დამოკიდებული და გადასახდებს არ იხდის,“ - განაცხადა ისტორიკოსმა ალან ლიხტმანმა.

ეს კომენტარები, როგორც ჩანს, გავლენას მოახდენს იმ ამომრჩეველზეც, რომელის სიმპათიაც უფრო მეტად რომნისკენ იხრებოდა.

„მის მიმართ ნდობის გამოსწორების საქმე არ გაუმჯობესებულა და ამომრჩევლისთვის ბარაკ ობამა უფრო იგებს მათ მოთხოვნებს, ვიდრე რომნი. ეს კი მისთვის დიდ პრობლემაა,“ - ამბობს სოციოლოგი, პიტერ ბრაუნი.

ალან ლიხტმანი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პარტიის ყრილობის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ მცირედით კიდევ წაიწია წინ, რადგან მოსახლეობამ უფრო კარგად აღიქვა მისი ეკონომიკური პოლიტიკა.

მომავალ თვეში მეტოქეებს შორის დებატები გაიმართება. პიტერ ბრაუნის აზრით, მიტ რომნის სწორედ მაშინ მიეცემა ვითარების გამოსოწრების შანსი.

ასევე, დებატები გაიმართება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორისაც. საპრეზიდენტო კანდიდატების ბედი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დემოკრატ ჯო ბაიდენსა და რესპუბლიკელ პოლ რაიანზე.