ბოშები ამერიკაში

ბოშები ამერიკაში

ამერიკაში დაახლოებით ერთი მილიონი ბოშა ცხოვრობს

ქრისტიანა გრიგორი ტენესის შტატის ვანდერბილტის უნივერსიტეტში პრესტიჟული ფულბრაითის სტიპენდიით სწავლობს. ის წარმოშობით რუმინელია და ამბობს, რომ ამერიკაში ბოშების არსებობის შესახებ ნაკლებად იციან.

„ამერიკელების უმრავლესობამ, ვინც მე შემხვედრია, ბოშების შესახებ არაფერი იცის. ზოგს გაუგია მათი არსებობის შესახებ, მაგრამ არაფერი სმენია ბოშების, როგორც ეთნიკური ჯგუფის - რეალური ადამიანების - შესახებ. ბევრმა ბოშა მარტო იმიტომ იცის, რომ მისი ჩაცმულობა „ჰალოვინის“ ზეიმის ერთ-ერთ საკარნავალო კოსტიუმად ჭირდება“, ამბობს ქრისტიანა.

შეერთებულ შტატებში ბოშები რაღაც შორ, ეგზოტიკურ კულტურად წარმოუდგენიათ. ფილადელფიაში „Gipsy Lane”-ის ანუ, ბოშების ქუჩის მცხოვრებლებმაც კი არ იციან, თუ საიდან აქვს ეს სახელი მათ ქუჩას. იმას კი დანამდვილებით ამბობენ, რომ დღეს ბოშები მათ გვერდით არ ცხოვრობენ. „ალბათ სადღაც ცხოვრობენ, მაგრამ იმდენად ცოტანი არიან, რომ მათი არსებობის შესახებ არავინ უწყის“- ამბობენ ისინი.

ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორის, იან ჰენკოკის, თქმით ამერიკაში დაახლოებით ერთი მილიონი ბოშა ცხოვრობს. მათი პირველი ნაკადი 1800 წელს შემოვიდა ქვეყანაში. ჰენკოკი თავად მუშაობდა გაეროში ბოშების წარმომადგენლად და ამბობს, რომ ბოშები ყოველთვის იოლად ახერხებდნენ სხვა ერებთან ნებაყოფლობით ასიმილირებას, თუმცა გარკვეულ თვითმყოფადობასაც ინარჩუნებდნენ. პროფესორი ჰენკოკოს თქმით, ამ ფაქტს ამერიკაში გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვა.

„ეს იმიგრანტების ქვეყანაა და მოგეხსენებათ, ყველა ყველა ჯურის ხალხი პოულობს აქ თავის ნიშას. ბოშების ამერიკულ კულტურაში ასიმილაცია იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ისინი აღარ ჩანან როგორც ცალკე მდგომი ჯგუფი, არაფრით გამოირჩევიან ჩვეულებრივი თეთრკანიანი მოსახლეობისგან. ამიტომ ამერიკელებს გარკვეული სტერეოტიპი ჩამოუყალიბდათ. მათ ჰგონიათ, რომ ეს არ არის გამორჩეული ეთნიკური ჯგუფი, არამედ ბოშად ყოფნა უფრო ქმედების, ქცევის სტილია“ - ამბობს პროფესორი და დასძენს, რომ სამწუხაროდ სტერეოტიპმა ფართოდ მოიკიდა ფეხი ამერიკულ პოპ-კულტურაში და ცნობილი მომღერლის შაკირას ვიდეოკლიპს გვაჩვენებს, რომელშიც ბოშები მატყუარა და გაუტანელი ადამიანების კონტექსტშია მოხსენიებული. ამას სხვა უმცირესობების ჯგუფს ვერავინ გაუბედავს, ამბობს ის.

ფეი ვილიამსი, მესამე თაობის ბოშა იმიგრანტიც ადასტურებს, რომ მსგავსი სტერეოტიპი მას ბევრჯერ შეხვედრია ცხოვრებაში:

უმეტესობამ არაფერი იცის ჩვენი კულტურის შესახებ. და ვისაც რაიმე გაუგია, იმათ წარმოუდგენიათ, რომ ბოშები აქეთ-იქით დაწანწალებენ და ბავშვებს და ქათმებს იპარავენ. ბავშვობაში დედა მაფრთხილებდა, არავისთვის მეთქვა, რომ ბოშა ვიყავი. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ასჯერ უფრო გაგვიმართლა, რომ ამერიკაში მოვხვდით. ევროპაში ბოშები ბევრად უარეს მდგომარეობაში არიან“, ამბობს ფეი.

ტენესელი სტუდენტი ქრისტიანა გრიგორიც აღნიშნავს, რომ ამერიკის კულტურულმა მრავალფეროვნებამ მას მისცა საშუალება საკუთარ ეთნოსზე ხმამაღლა ელაპარაკა, რასაც ნაკლებად ახერხებდა საკუთარ სამშობლო - რუმინეთში. იქ, ქრისტიანას თქმით, ბოშები ჯერ კიდევ დისკრიმინირებულნი არიან. ამისთვის მე 20 წელი დამჭირდა, რომ გახსნილად მელაპარაკა ჩემს ბოშურ წარმომავლობაზე, თქვა ქრისტიანამ. ჩემს ამერიკელ თანატოლებს ეს ძალიან მოსწონთ და თვლიან რომ მე განსაკუთრებულად საინტერესო ვარ მათთვის.

თუმცა ქრისტიანას თაობა სამწუხაროდ საერთო სურათს არ ქმნის და ამერიკაში ბოშად ყოფნა გარკვეულ უარყოფით დამღასაც ატარებს.