მეთიუ როჟანსი: პუტინი დარწმუნებულია, რომ დასავლეთს გამბედაობა არ ეყოფა

ყირიმის რეფერენდუმის ოფიციალური რეზულტატი ასეთია: ამომრჩევლის 97 პროცენტმა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. ამომრჩევლის აქტივობა კი 80 პროცენტს შეადგენდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ყირიმის რეფერენდუმმა საერთაშორისო და დემოკრატიული ნორმები დააკმაყოფილა. თუმცა ანალიტიკოსები შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

მათ შორის არის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი რობერტ ლეგვოლდი:

"ეს რომ გულწრფელი კენჭისყრა ყოფილიყო და მონაწილეობა ყველა ფენას მიეღო, ვივარაუდებდი რომ 97 პროცენტის ნაცვლად, შედეგი 52, 53 პროცენტი იქნებოდა, ყირიმში მცხოვრები ჯგუფების გათვალისწინებით. ის ფაქტი, რომ შედეგი 97 პროცენტიანი მხარდაჭერა იყო, აქტივობა კი ოფიციალური წყაროებით 83 პროცენტს შეადგენდა, გარკვეულ ეჭვს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ რეფერენდუმი არა მხოლოდ რუსული სამხედრო ძალების დისლოცირების პირობებში ჩატარდა, არამედ ერთგვარ მანიპულირებასაც ჰქონდა ადგილი.“ -აცხადებს

ვაშინგტონში ბაზირებული ვილსონის ცენტრის დირექტორი მეთიუ როჟანსკი ამბობს, რომ ყირიმის პრო-რუსული ძალები რეფერენდუმის ჩატარებას არ გადაწყვეტდნენ, თუ ისინი აბსოლუტურად არ იქნებოდნენ დარწმუნებული წარმატებაში.

"ჩემი შეგრძნება ისეთია, რომ რეფერენდუმს წინ უძღოდა დაშინების მძაფრი კამპანია და შეიარაღებული პირებიდან მომავალი ზეწოლა. არაფერი შეედრება შეიარაღებულ ადამიანებს, რომლებიც ოფისში გივარდებიან.“

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი რეფერენდუმს უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მან უკრაინის კონსტიტუცია დაარღვია. ვაშინგტონი და ბრიუსელი მყისიერად გამოეხმაურნენ მომხდარს, და აკრძალვები მოგზაურობაზე დააწესეს, ასევე სავაჭრო სანქციები 28 რუსი და ოთხი უკრაინელი ოფიციალური პირის წინააღმდეგ დაადგინეს.

თეთრი სახლის განცხადებით, სანქცირებული პირების რიცხვში პუტინის მოკავშრეებიც შედიან.

მეთიუ როჟანსკი:
"ეს არის ის ხალხი, ვისაც პუტინი ნამდვილად ეყრდნობა, მისი ახლო გარემოცვა, ადამიანები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის გამო ყველაფერზე წავლენ და შედეგებსაც აიტანენ. და კიდევ ერთი-ამ ადამიანებს პუტინი პირადად ეხმარება ინდივიდუალური სანქციების შემსუბუქებაში."

როჟანსკი დასძენს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პუტინს ახლო მოკავშირეებისთვის რჩევის სახით უთქვამს, რომ მათ თავიდან უნდა აიცილონ ინვესტიციების საერთაშორისო ინსიტიტუტებში ჩადება.

ამასთან, მეთიუ როჟანსკი ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის სანქციები საკმაოდ მსუბუქია, იმასთან შედარებით, რაც რუსეთმა გააკეთა. მისი თქმით, კრემლმა ხომ სხვა ქვეყნის ანექსია მოახდინა.

ექსპერტი მიიჩნევს იმასაც, რომ პუტინს არ სჯერა, როცა დასავლეთის ქვეყნები მას მეტი სანქციების დაწესებით ემუქრებიან, იმდენად რამდენადაც რუს ლიდერს არ ჰგონია, რომ დასავლეთს გამბედაობა ეყოფა დამატებითი სადამსჯელო ზომების გასატარებლად. როჟანსკი, აქვე, ფიქრობს იმასაც, რომ დასავლეთმა, მიუხედავად გადაწყვეტილებისა ბოლომდე მიიყვანოს სანქციები, მოსკოვი ვერ დაარწმუნა, რომ დასავლეთი თავად არის მზად შედეგები საკუთარ თავზე იწვნიოს.

რობერტ ლეგვოლდი ფიქრობს, რომ უფრო ძლიერ სანქციებს უარყოფითი გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკაზე.

"ნებისმიერი დამატებითი ნაბიჯი, რომელიც სადამსჯელო სანქციებს გააძლიერებს, იმავდროულად გაამძაფრებს უარყოფით შედეგებს თავად სანქციების გამტარებელი მხარისთვის."

ორივე ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ძალიან რთული იქნება, შესაძლოა შეუძლებელიც კი იყოს, ყირიმში არსებული სიტუაციის შეცვლა. ექსპერტები ფიქრობენ იმასაც , რომ ძალიან საინტერესოა იმაზე დაკვირვება თუ რამდენად შორს წავა ვაშინგტონი ან ბრიუსელი რუსეთის დასჯისას და მოჰყვება თუ არა ამ ზომებს კონკრეტული შედეგი.

ა.კ.