სენატორი რიში ბაიდენი-პუტინის სამიტის შესახებ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჯეიმს რიში (რესპუბლიკური პარტია, აიდაჰოს შტატი) პრეზიდენტების, ბაიდენისა და პუტინის ჟენევის სამიტს, საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

“რუსეთში პუტინის 20-წლიანი მმართველობის განმავლობაში დასავლეთმა მის აგრესიულ ქმედებებს ერთხელაც ვერ გასცა ისეთი პასუხი, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში რამეს შეცვლიდა. დიდი შვიდეულისა და ნატოს ბოლო შეხვედრებს გარკვეული დადებითი შედეგები მოჰყვა, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ იმ საკითხებით, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შედეგად ვერ მოგვარდა.

იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის მშენებლობა ყოველდღე დასასრულს უახლოვდება; იმედგაცრუებული ვარ, რომ ბაიდენმა არაფერი იღონა რუსეთის მიერ საშუალო სიშორის ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულების დარღვევების გამო იმ ფონზე, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ცალმხრივად განაგრძობს განიარაღებას; მართალია, პრეზიდენტმა ბაიდენმა წამოჭრა ყოფილი საზღვაო ქვეითების, პოლ ველანისა და ტრევორ რიდის საკითხი, რომლებიც ყალბი ბრალდებებით კვლავ რუსეთის ტყვეობაში რჩებიან, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რომ მათი გათავისუფლება ამ შეხვედრის წინაპირობა არ იყო,"-განაცხადა ჯეიმს რიშმა და აღნიშნა, რომ სამიტები, როგორიც იყო დიდი შვედეულის და ნატოს შეხვედრები, შედეგების მისაღწევად იმართება. "ის, რომ რუსეთთან არცერთ საკითხზე ხელშესახები წინსვლა არ გვაქვს, სამწუხაროცაა და იმედის გამაცრუებელიც." სენატორმა დასძინა, რომ ამერიკამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რუსეთთან ახალი მიდგომა გამოეყენებინა, რაც მისი თქმით, ეფექტურად წინ აღუდგებოდა მის მავნე ქმედებებს მსოფლიოში.

ასევე ნახეთ: ლიდერების შეფასებები ბაიდენი-პუტინის სამიტის შემდეგ