17 მაისს, ადამიანის უფლებათა დამცველმა და LGBT ორგანიზაციებმა მიიღეს გადაწყვეტილება არ აღენიშნათ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. გადაწყვეტილება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ პარალელურად გამოცხადებულ მსვლელობებს და საქართველოს ულტრა-კონსერვატიული და ფაშისტური ჯგუფების მიერ დაგეგმილ დემონსტრაციებს უკავშირდებოდა. უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, „თანასწორობის მოძრაობამ“ გადაწყვეტილება რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.
ამერიკის ხმა, რეგიონზე მომუშავე ექსპერტებს დაუკავშირდა კითხვით, თუ როგორ უნდა გააგრძელონ უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მუშაობა იმ გარემოში, სადაც მათ უსაფრთხოებას რადიკალური ჯგუფები და დომინანტი რელიგიური ორგანიზაცია უპირისპირდება, რა როლი აქვს მთავრობას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ჯეიმს კირჩიკი ამბობს, რომ დემოკრატიული საზოგადოების ორი მთავარი პრინციპი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაა და საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება დაიცვას ეს პრინციპები ნებისმიერ პირობებში.
„შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ორი ძირითადი პრინციპია. და ეს თავისუფლება ვრცელდება ყველაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არაპოპულარულია მათ შეხედულებები. საქართველოს მთავრობისთვის გამამტყუნებელი ვერდიქტია "ლგბტ" ორგანიზაციების გადაწვეტილება არ აღნიშნონ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, მათი უსაფრთხოების გარშემო არსებული ლეგიტიმური შიშის გამო. მთავრობას აქვს ვალდებულება დაიცვას ზემოთხსენებული პრინციპები ძალადობრივი საფრთხეებს პირობებშიც“, - ამბობს ჯეიმს კირჩიკი.
მიუხედავად ლგბტ თემის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებისა, აქტივისტების ნაწილი და მათი მხარდამჭერები მთავრობის კანცელარიასთან მაინც შეიკრიბა. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. მათ პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი და უსაფრთხოების ჯებირები იცავდნენ. ისინი არ აძლევდნენ რადიკალური ჯგუფების წევრებს და მათი დემონსტრაციის მონაწილეებს საშუალებას მიახლოებოდნენ მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს. აქციის ძირითადმა ნაწილმა დაპირისპირების გარშე მშვიდ პირობებში ჩიაარა, თუმცა აქციის დასასრულისკენ უცნობმა პირმა ერთ-ერთ გამომსვლელს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა და გაიქცა.
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ კრემერი, რომელიც სხვადსახვა დროს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა და საქართველოს საკითხებს რამდენიმე ათწლეულია თვალს ადევს, ამბობს, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის საკუთარი მოქალაქეებს დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„ყველა ქვეყნისთვის, და საქართველო გამონაკლისი არ არის, მნიშვნელოვანია საკუთარი მოქალაქეების უფლებებს პატივი სცენ. ეს ვრცელდება ლგბტ მოქალაქეებზეც, რომლებსაც აქვთ უფლება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნონ. და სამწუხაროა, რომ მათ მოუწიათ აღნიშვნის გაუქმება“, - ამბობს კრემერი.
კრემერის განცხადებით, მთავრობას აქვს უმცირესობების დაცვის ვალდებულება.
„საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, მთავრობამ და მოქალაქეებმა ყველა მოქალაქის უფლება უნდა დაიცვან მიუხედავად მათი რასობრივი, ეთნიკური, გენდერული, რელიგიური წარმომავლობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. ეს არაა საქართველოზე „უცხო ღირებულებების“ გავრცელების მცდელობა, ან „ტრადიციულ ღირებულებებზე“ შეტევა - ეს ფრაზები ხშირად პუტინისგან გვესმის და საჭიროა ისინი ვუარყოთ. ეს არის თანამოქალაქის მიმართ პატივისცემის გამოხატვის და ღირსეული დამოკიდებულების საკითხი. უმცირესობების უფლებები დაცვა, ნებისმიერი დემოკრატიული მთავრობის ფუნდამენტური ვალდებულებაა“, - ამბობს ის ამერიკის ხმასთან.
„ფრიდომ ჰაუსის“ ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორის, მარკ ბერენდტის თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში მშვიდობიანი აქცია, რომელიც „საქართველოში მრავალფეროვნების და ტოლერანტობის ხაზგასმას ისახავდა მიზნად, ძალადობის შიშით გაუქმდა“.
„ეს ქმნის საშიშ პრეცენდენტს, როდესაც საწინააღმდეგო შეხედულების გამომსვლელების ფაქტორი საკმარისია ქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების გაუქმებისთვის. საქართველოს ტოლერანტობის და ისტორიულად, განსხვავებულის მიღების ტრადიცია აქვს. სწორედ ამ კონტექსტში სიძულვილის ჯგუფების მანიფესტაციები უნდა დავგმოთ...მე მივესალმები ეკლესიის მხრიდან ძალადობის უარყოფას. მთავარია, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო ეფექტურად დაიცვას მისი მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და ცალსახად აღნიშნოს, რომ მიუხედავად აზრისა და შეხედულებისა, ძალადობა მიუღებელია და დაუყოვნებლივ იქნება დასჯილი“, - ამბობს ის.
რადიკალური ჯგუფები თბილისში პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. ხოლო საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ „ოჯახის სიწმინდის დღის“ აღსანიშნავად მსვლელობა და მასობრივი ჯვრისწერა გამართა. „ოჯახის სიწმინდის დღეს“ საქართველოს საპატრიარქო 2014 წლიდან აღნიშვნას, მას შემდეგ, რაც 2013 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა და რადიკალურმა ჯგუფებმა 17 მაისის აქცია ძალადობრივად დაარბიეს.