ნიუ იორკის მერს ემუქრებიან

მაიკლ ბლუმბერგის სახელზე გაგზავნილ ორი წერილში მცენარეული ტოქსინი - რიცინი აღმოჩნდა
ნიუ იორკის პოლიცია აცხადებს, რომ ქალაქის მერის მაიკლ ბლუმბერგისთვის გაგზავნილი ორი წერილი სასიკვდილო შხამს - რიცინს შეიცავს. პირველი წერილი პარასკევს ნიუ იორკის საფოსტო განყოფილებაში გახსნეს, მეორე კი მაიკლ ბლუმბერგის მიერ დაფუძნებულ არალეგალური იარაღის საწინააღმდეგო ოფისში მივიდა.

პოლიციის პრესცენტრის განცხადებით, ორივე წერილი მერის მისამართით მუქარას შეიცავდა და იარაღის საწინააღმდეგო კამპანიას ეხებოდა.

ჯერჯერობით დაუდგენელია, არის თუ არა კავშირი ამ ორ წერილსა და იმ წერილებს შორის, რომელიც გასულ თვეს პრეზიდენტ ობამას, ერთერთი სენატორის და მისისიპის მოსამართლის სახელზე იყო გაგზავნილი.