ქარიშხალი ისააკი ყრილობას აყოვნებს

ეროვნული ყრილობები ამერიკის პოლიტიკური პარტიებისთვის მთავარი გზავნილის ამომრჩევლამდე მიტანის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია
რესპუბლიკელთა ეროვნული ყრილობისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. პარტიის მესვეურებს იმედი აქვთ რომ ის მიტ რომნის და ზოგადად რესპუბლიკელებს დიდ სტიმულს მისცემს და ამომრჩევლებში მეტ პოპულარობას მოუტანს. თუმცა, გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო ორგანიზატორებს მთელი განრიგის შეცვლა მოუწიათ. ცერემონიალი, რომელზეც საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაცია ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს, ორშაბათის ნაცვლად სამშაბათს საღამოს დაიწყება.

დამანგრეველი ქარიშხალი ისააკი, რომელიც ჯერ ჰაიტის და კუბის აღმოსავლეთს ესტუმრა, ძალას იკრებს და ახლა შეერთებულ შტატებს ემუქრება. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის გაფრთხილების მიხედვით, რამდენიმე შტატში საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდა. ათასობით ადამიანია ევაკუირებული ლუიზიანას, ალაბამას და მისისიპის შტატებში. ის დღეს მოგვიანებით ფლორიდის ქალაქ ტამპასაც ჩაუვლის, სადაც ყრილობაა დაგეგმილი.

რესპუბლიკელთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რეინს პრებუსი ამბობს, რომ ისააკი მათ ხელს ვერ შეუშლის:

შოუ გაგრძელდება. საქმეს ეროვნული კომიტეტი ყველა შემთხვევაში ბოლომდე მიიყვანს. მიტ რომნის ნომინირება საპრეზიდენტო კანდიდატად აუცილებლად მოხდება, პოლ რაიანის კი - ვიცე-პრეზიდენტად. და ამას ტამპაში საზეიმოდ ავღნიშნავთ“ - განაცხადა მან.

ტელე-არხ „ფოქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ განრიგში ცვლილებები ყრილობის დამსწრეთა უსაფრთხოების მოსაზრებით შეიტანეს და მათი გადასინჯვა სიტუაციის მიხედვით მოხდება:


„რა თქმა უნდა, მოვლენების მიმდინარეობის მიხედვით ვიმოქმედებთ. საკმაოდ მობილურები ვიქნებით და ადაპტირებას მოვახდენთ. მთავარი მაინც უსაფრთხოებაა“ - აღნიშნავს ბატონი პრებუსი.

ეროვნული ყრილობები ამერიკის პოლიტიკური პარტიებისთვის მთავარი გზავნილის ამომრჩევლამდე მიტანის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მათ საზოგადოებრივ აზრზე დიდი გავლენის მოხდენის უნარი აქვთ. ოპოზიციური პარტიისთვის ეროვნული ყრილობა არჩევნებში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენას კამპანიის წარმატებით დასრულებისთვის როგორც წესი, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

ვირჯინიის გუბერნატორი, ბობ მაკდონელი ყრილობაზე მოსულ დელეგატებს და სტუმრებს სიტყვით მიმართავს. ტელეარხ „ეი-ბი-სიზე“ გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ყრილობა რესპუბლიკურ პარტიას მეტ პოპულარობას მოუტანს:


დამოუკიდებელი ამომრჩევლები მეტად ჩაერთვებიან და შეეცდებიან მიტ რომნის და პოლ რაიანს გულდასმით მოუსმინონ. მთელი ყურადღება ახლა მათკენ იქნება მიპყრობილი. ვფიქრობ, რომ ამომრჩევლისთვის სწორი გზავნილი გვექნება“ - აღნიშნა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა.

დემოკრატიული პარტიის ყრილობა მომავალ კვირას, ჩრდილოეთ კაროლინას შტატშია დაგეგმილი. მასზე ბარაკ ობამას ნომინირება მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევისთვის მოხდება.