გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევნილთა უფლებების საკითხებში ვოლტერ კელინმა საქართველოს მთავრობას დევნილთა გრძელვადიანი განსახლების შესახებ განახლებული კონცეფცია გააცნო, სადაც ნათქვამია, რომ კრიზისის შემდგომი პერიოდის მქონე ქვეყნებში დევნილთა დატოვებამ გარიყულ მდგომარეობაში, ღირსეული საცხოვრებელი პირობებიოს შექმნის პერსპექტივის გარეშე შესაძლოა ქვეყნის მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.
- დაახლოებით 17 წლის განმავლობაში დევნილები საქართველოში უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. ჩვენ ამჟამად ერთობლივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოხდეს ოპტიმალური სტრატეგიისა და საქმიანობის განხორციელება, რათა დავეხმაროთ დევნილებს მოახდინონ საზოგადოებაში რეინტეგრაცია- აცხადებს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი პიტერ ნიკოლაუსი.
აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ 24 391 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა პრივატიზებული საცხოვრებელი ბინა ან ფულადი კომპენსაცია, ამბობს განსახლების და ლტოლვილთა საკითხების მინისტრის მოადგილე ვალერიან კოპალეიშვილი. მისივე თქმით დამატებით 2036 დევნილ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადაეცა: ” ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანია დევნილთა ინტეგრაცია, რომლის საფუძველია დევნილთა ადეკვატური განსახლება, განსახლება თავიანთ საკუთრებაში. დაახლოებით 17 000 დევნილ ოჯახს საქართველოს მასშტაბით 600-მდე ობიექტში მივეცით საკუთრებაში ფართები.
საქართველოს მთავრობის სტრატეგია დევნილთა ინტეგრაციას ითვალისწინებს, რომელიც განსახლებასთან ერთად დევნილთა დასაქმებას გულისხმობს. განსაკუთრებით ეს ღონისძიებები ახალი დევნილებისთვის იყო მნიშვნელოვანი. ამ მხრივ ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა...”
გენერალური მდივნის წარმომადგენელმა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა საკითხებში ვოლტერ კელინმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას იგივე მეთოდებით არ განახორციელოს დევნილთა გამოსახლება, როგორც ეს მოხდა თუნდაც გასულ თვეებში და ხდება 17 წლის განმავლობაში. ვოლტერ კელინმა ამას ხელმეორედ დევნილობა უწოდა .
2008 წლის აგვისტოდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ცხელი ხაზი მოქმედებს. ცხელი ხაზი ყოველდღე დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუშაობს. აკრიფეთ (832) 43-11-00 და თქვენი პრობლემა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შეატყობინეთ.
საქართველოში ამჟამად ცხოვრობს 350 000-ზე მეტი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან; 1600 - ი მოქალაქეობის არმქონე პირი, ძირითადად აფრიკის ქვეყნებიდან ; და დაახლოებით 1000 ლტოლვილი. ლტოლვილის სტატუსი საქართველოში ჩეჩნებს მიენიჭათ. სამივე კატეგორიას იცავს და დახმარებას უწევს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი.