ჰომსში წითელი ჯვარი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ახერხებს

საერთაშორისო წითელი ჯვრის მაშველებმა სირიის ქალაქ ჰომსის გარეუბნებში დახმარება შეიტანეს. ამ ქალაქის ბაბა ამრის რაიონში სირიის ხელისუფლების მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებები იყვნენ გამაგრებულნი.

დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ეს რაიონი ალყაში იყო მოქცეული და სასტიკად იბომბებოდა სირიის სამთავრობო ძალების მიერ.

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ოპრგანიზაციებმა ალ-თაიზის და ალ-ინშაათის რაიონებში მედიკამენტები, საკვები პროდუქტები და თბილი ტანსაცმელი შეიტანეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ ბაბა ამრში შესვლას.

გაეროს მონაცემებით ქალაქ ჰომსის ბაბა ამრის რაიონის დაბომბვის შედეგად 700-მდე ადამიანი დაიღუპა.