სტიქიამ არაერთი შტატი დააზარალა. განსაკუთრებული დარტყმა მისისიპის შტატმა მიიღო.
საცხოვრებელი სახლები, სკოლები, ბიბლიოთეკები, სასტუმროები ხისა და შუშის ნატეხებად იქცა.
ათასობით რეზიდენტმა და ბიზნესმა იზარალა. შედეგად, მათ შტატი დატოვეს და თავშესაფარი სხვაგან ნახეს.
ქარიშხალი კატრინა ამერიკის ისტორიაში უდიდეს ბუნებრივ კატასტროფად არის შეფასებული, სტიქიურ უბედურებად, რომელსაც ფედერალურმა ხელისუფლებამ დაგვიანებული რეაქციით უპასუხა. თუმცა, შედეგად არაერთი ფედერალური და საშტატო დონის მოხელე განთავისუფლდა თანამდებობიდან.
სხვადასხვა მონაცემებით, სტიქიის შედეგად 1800ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ზარალმა 81 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
მისისიპის ერთერთ ქალაქ ბილოქსიში ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ვიზიტორთა ცენტრს უბრუნდებიან.
სტიქიის შემდეგ, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ქალაქმა ბევრი გადაიტანა. ახლა, იქ ტურისტები კვლავ ჩადიან.
დოკუმენტური ფილმის ხმა:
სტიქიიის შედეგად, რეგიონში 53 ადამიანი დაიღუპა. 5 ათასი სახლი და ფირმა განადგურდა მარტო ქალაქ ბილოქსიში.
თუმცა ქალაქის მოსახლეობამ ამ რთულ წუთებში არნახული ერთსულოვნება გამოავლინა.
ბუტნებრივი კატასტროფის შემდეგ, აღდგენა ნელი და ძვირადღირებული პროცესია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში სადაც ტურიზმი და ზღვის პროდუქცია წამყვანი ინდუსტრიებია.
მისისიპის სხვა სანაპირო ქალაქები ანალოგიური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ფედერალურმა მთავრობამ აღდგენით სამუშაოებზე 25 მილიარდი დოლარი გამოყო. შტატის გუბერნატორმა თავდაპირველად აღნიშნა, რომ აქცენტი სანაპირო ზოლში მაცხოვრებელი ადამიანების საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე გადავიდოდა.
ფედერალური დახმარების დიდი ნაწილი ბილოქსის პორტის აღდგენაზე დაიხარჯა. განსაკუთრებული ზომები გატარდა ტერმინალების უსაფრთხოების დაცვის მიზნითაც.
აღდგენითი სამუშაოები ძალიან რთული გამოდგა.
რეზიდენტი:
"ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. თითქოს ბომბი აფეთქდა. სახლების დიდი ნაწილისგან ჩვენს რეგიონში აღარაფერი დარჩა.
რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო იყო."
თუმცა მისისიპის შტატის მექსიკის ყურის სანაპიროს გასწვრივ ბევრი მაცხოვრებელი უარს აცხადებდა შტატიდან გადასვლაზე. შერილ კინგი ახალ ორლეანთან ახლოს, ქალაქ ვეივლენდში მთელი თავისი სიცოცხლე ცხოვრობდა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო როცა 1969 წელს ქარიშხალმა კამილამ მისი სახლი დაანგრია. 2005 წელს კი მან და მისმა მეუღლემ ქარიშხალ კატრინას შედეგად, ყველაფერი დაკარგეს.
კინგი ახლა თავისი წინაპრების სამოსახლოს დაუბრუნდა და მისისიპიში სპეციალურად აშენებულ კოტეჯში ცხოვრობს. ამბობს, რომ სტიქიის განმეორების შეძსაძლებლობა საყვარელ ადგილებში ცხოვრებაზე უარს ვერ ათქმევინებს.
კინგი: "თუ ქარიშხალი განმეორდა, მე რასაც ხელით შევძლებ წავიღებ და გავეცლები სტიქიას. მერე ისევ თავიდან დავიწყებ ცხოვრებას."
კატრინამ ვეივლენდი მთლიანად დაანგრია. ქალაქის რვა ათასი მაცხოვრებლიდან ნახევარზე მეტი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და არც არასდროს დაბრუნებულა შინ.
მაგრამ მეხუთე კატეგორიის ქარიშხალიც კი ვერ ჩაკლავს შერილისნაირი თავგანწირული ადამიანების სიყვარულს მშობლიური ადგილების მიმართ.
ბილოქსიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტების მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყარდნობით სიუჟეტი, ვაშინგტონის სტუდიაში თარგმნა ანა კალანდაძემ