როცა პუტინი რუსებს გამარჯვებას პირდებოდა, მას სიტყვა სიმღერით გააწყვეტინეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მოსკოვი 18 მარტი, 2022.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს სტადიონზე შეკრებილ ათასობით რუსს მიმართა. ის კიდევ ერთხელ შეეცადა უკრაინაში შეჭრა გაემართლებინა, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებს ბრძოლაში გამარჯვებას დაპირდა.

პრეზიდენტ პუტინის მიმართვა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. მისი სიტყვით გამოსვლა მოულოდნელად შუა წინადადებაში შეწყდა და ეთერში პატრიოტული მუსიკალური კლიპით ჩანაცვლდა. მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ეს ფაქტი სერვერზე მომხდარი ტექნიკური პრობლემით ახსნა.

ასევე ნახეთ: რუსეთი ლვივის შემოგარენს ბომბავს

"რუსეთი! რუსეთი! რუსეთი"! - ამ შეძახილებით მიმდინარეობდა მოსკოვის "ლუჟნიკების" სტადიონზე მიმდინარე საზეიმო ცერემონია, რომელიც უკრაინაში ყირიმის ანექსიის იუბილეს მიეძღვნა. დამსწრეებისადმი გაკეთებულ მიმართვაში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომს კვლავ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა.

სტადიონზე გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცთან. შოლცის პრესსპიკერის თქმით, გერმანიის კანცლერმა, რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება უკრაინაში.

დილიდან რუსულმა ძალებმა უკრაინულ ქალაქებზე იერიშები განაახლა. საჰაერო თავდასხმები განხორციელდა დედაქალაქ კიევზე და ქალაქ ლვივის გარეუბნებზე.