პუტინი აშშ-ს დიპლომატიური მისიიდან 755 ადამიანის გაწვევას სთხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსკოვში დიპლომატიური მისიის შეკვეცა სთხოვა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ამერიკამ საელჩოს დიპლომატი თანამშრომლები და ტექნიკური პერსონალი დაახლოებით 755 ადამიანით უნდა შეამციროს.

კრემლმა ეს გადაწყვეტილება ამერიკის მიერ 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პასუხად მიიღო.

პუტინმა რუსეთის სატელევიზიო ქსელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებას შეეძლო უფრო მკაცრი სადამსჯელო ზომების მიღება ამერიკის წინააღმდეგ, მაგრამ ის „ამ ეტაპზე ის ამის წინააღმდეგია.“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედება „დასანანი და შეუსაბამოა“ და ამჟამად ფასდება, როგორ უნდა უპასუხოს ქვეყანამ ამ გადაწყვეტილებას.

ამერიკის კონგრესმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტს გასულ ხუთშაბათს დაუჭირა მხარი. პარასკევს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი პირველი იყო, ვინც საპასუხო ზომების შესახებ განაცხადა. მან თქვა, რომ ამერიკელ კანონმდებელთა ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ქვეყნის „უკიდურესად აგრესიულ“ საერთაშორისო პოლიტიკას.

საგარეო საქმეთა უწყების მოთხოვნით, ამერიკამ მოსკოვში მომუშავე დიპლომატები და ტექნიკური პერსონალი შტატებში მომუშავე რუსი დიპლომატებისა და სხვა თანამშრომლების რაოდენობის შესაბამისად უნდა შეამციროს. ეს კი ნიშნავს დიპლომატიურ მისიაში დაახლოებით 455 ადამიანის დატოვებას. რიაბკოვი ამბობს, რომ ქვეყანას ამ სანქციების საპირისპირო შესაძლო ქმედებების დიდი არჩევანი აქვს.

ამერიკის პრეზიდენტს სანქციების შესახებ კანონისთვის ჯერ ხელი არ მოუწერია, თუმცა თეთრი სახლის განცხადებით, ის ამას გააკეთებს. ამ შემთხვევაში კანონი და სანქციები სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოდან უნდა ამოქმედდეს. სწორედ ამ დრომდე აძლევს ამერიკას დიპლომატიური მისიის შეკვეცის ვადას რუსეთიც.