პუტინის მიერ გადაწერილი მეორე მსოფლიო ომის ისტორია

ანტიფაშისტური და ანტიკომუნისტური პლაკატები აქციაზე, ლატვიის დედაქალაქში. რიგა, 2013 წლის 16 მარტი.

18 ივნისს საგარეო პოლიტიკის ამერიკულ ჟურნალში, The National Interest, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვრცელი წერილი გამოქვეყნდა. სტატია, რომელიც რუსულმა სამთავრობო მედიამაც გააშუქა, მეორე მსოფლიო ომის ისტორიულ გაკვეთილებსა და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავს ეხებოდა.

რუსეთში ამ დღესასწაულს 9 მაისს აღნიშნავენ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებული ტრადიციული სახალხო ღონისძიებები, განსაკუთრებით, გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმი მოსკოვში 24 ივნისს ჩატარდა.

ზემოაღნიშნულ წერილში პუტინი ამტკიცებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ხელი უფრო შეუწყო ნაცისტურ გერმანიას, ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის გაფორმებულმა შეთანხმებებმა, ვიდრე საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის გაფორმებულმა პაქტმა, რომელსაც პოლონეთის გაყოფა მოჰყვა.

ამ საკითხის წამოწევა სსრკ-ის დაშლიდან ორი ათწლეულის შემდეგ, შესაძლოა, ცოტა გაუგებარი ჩანდეს, მაგრამ 2019 წლის სექტემბრის შემდეგ, რაც ევროკავშირმა მკაცრად კრიტიკული რეზოლუცია მიიღო მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავზე, პუტინი სულ უფრო შეუპოვარი ხდება კრიტიკის მიმართ.

რეზოლუციაში, სხვა საკითხებს შორის, დაგმობილია რუსეთი „საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულებების დაფარვის“ გამო და აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში (ჩვეულებრივ, „ვარშავის პაქტის“ ყოფილ წევრ ქვეყნებში) კვლავ არსებობს მონუმენტები, რომლებიც „ხოტბას ასხამს ტოტალიტარულ რეჟიმებს.“ ბევრი ასეთი მონუმენტი წითელი არმიის ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც 1944-45 წლებში ევროპის ქვეყნების გათავისუფლების დროს დაიღუპნენ.

საბჭოურ-ნაცისტური პაქტი, რომელსაც 1939 წლის აგვისტოში ხელი მოაწერეს ვიაჩესლავ მოლოტოვმა საბჭოთა კავშირის მხრიდან და იოახიმ ფონ რიბენტროპმა გერმანიის მხრიდან, ამ ორ ქვეყანას შორის პოლონეთის გაყოფაზე შეთანხმებას და გერმანიისთვის პოლონეთში შეჭრის წინაპირობას წარმოადგენდა. გერმანია პოლონეთში პაქტის ხელმოწერიდან 1 კვირაში, 1939 წლის 1 სექტემბერს შეიჭრა.

ამ შეჭრიდან ორი დღის შემდეგ საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა. სწორედ ამ თარიღს მიიჩნევენ ისტორიკოსები მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღედ.

თავის წერილში პუტინი ამბობს: „უსამართლოა იმის მტკიცება, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყების მთავარი მიზეზი ნაცისტი საგარეო საქმეთა მინისტრის რიბენტროპის ორდღიანი ვიზიტი იყო მოსკოვში. ყველა წამყვანი ქვეყანა ამა თუ იმ ხარისხით არის ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი. ყოველი მათგანი უშვებდა გამოუსწორებელ შეცდომებს და თითოეულს ეგონა, რომ სხვებს გააცურებდა და ცალმხრივ უპირატესობებს მოიპოვებდა ან კარზე მომდგარ უბედურებას აიცილებდა“.

ეს განცხადება შეცდომაში შემყვანია.

„მიუნხენის შეთქმულება“

პუტინი ამტკიცებს, რომ ადრინდელმა დიპლომატიურმა შეთანხმებამ უფრო დიდი როლი ითამაშა ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომის დაწყებაში, რომელმაც მსოფლიოში 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის 24 მილიონი საბჭოთა კავშირიდან იყო, რომელსაც მაშინ სტალინი მართავდა.

ის ადრინდელი პაქტი 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების სახელით არის ცნობილი.

იმ წელს ადოლფ ჰიტლერი პრეტენზიას აცხადებდა გერმანელებზე, რომლებიც ჩეხოსლოვაკიის დასავლეთ რეგიონში, სუდეტის ოლქში ცხოვრობდნენ. მარტში გერმანიამ ავსტრია დაიპყრო. მზადდებოდა ანტისემიტური კანონები. უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, სექტემბერში, მიუნხენში, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები ჰიტლერს შეხვდნენ და გერმანიის მიერ სუდეტის ოლქის ანექსირებას დასთანხმდნენ. ეს შეთანხმება ჰიტლერმა მოგვიანებით, 1939 წელს, დაარღვია და ჯარები ჩეხოსლოვაკიის დასაპყრობად გაგზავნა.

ისტორიის პუტინისეული ვერსია მახვილს ამ „მიუნხენის შეთქმულებაზე“ აკეთებს. თუმცა, ეს ხელშეკრულება, თავისი მნიშვნელობით, ბევრად ჩამოუვარდება რუსეთ-გერმანიის პაქტს, რომელიც მომდევნო წელს დაიდო.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მოიცავდა საიდუმლო პუნქტებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განაწილების შესახებ ჰიტლერის მესამე რაიხსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამან სერიოზული გავლენა იქონია ევროპის საზღვრებზე ომის დამთავრებიდან ათწლეულების განმავლობაში. და მაშინ, როდესაც მიუნხენის შეთქმულებას დასავლეთში ასწავლიან როგორც გაკვეთილს, თუ რა შედეგი მოაქვს დიქტატორებთან დათმობას, რუსეთში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ ფაქტების გასაჯაროებას შეიძლება კრიმინალური პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვეს.

პუტინისეული ინტერპრეტაცია ისტორიულ კონსენსუსსაც ეწინააღმდეგება. იანვარში, ისტორიკოსმა და კარდიფის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერებათა პროფესორმა სერგეი რადჩენკომ მწვავედ გააკრიტიკა პუტინის მსგავსი განცხადებები მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რომლებიც მან 2019 წლის დეკემბერში გააკეთა. რადჩენკოს თანახმად, პუტინმა პოლონეთს დასდო ბრალი ომის დაწყებაში და რეალობა დაამახინჯა. მან თქვა, რომ პუტინის მიერ დასახელებული ყველა ისტორიული დოკუმენტი შეისწავლა.

„ჩემი ვერდიქტი ასეთია: პუტინი დილეტანტი ისტორიკოსია, რომელიც გამოცდას ვერცერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებდა. მის მოსაზრებებს არც რომელიმე პრესტიჟული სამეცნიერო ჟურნალი გამოაქვეყნებდა,“ წერდა რადჩენკო Foreign Policy-ში. „მართალია, მის მიერ დასახელებული ფაქტები დასტურდება, მაგრამ მან მტკიცებულებები დაამახინჯა, რომ მიკერძოებული მოსაზრებები გაემყარებინა. გარდა ამისა, მან მნიშვნელოვანი ფაქტები გამოტოვა.“

რამდენიმე საკითხი, რასაც რადჩენკო Foreign Policy-ს სტატიაში განიხილავდა, პუტინმა მის 9,000-სიტყვიან წერილში გაიმეორა. ამ საკითხების სიზუსტე ადრე იქნა გადამოწმებული.

2019 წლის აგვისტოში, Polygraph.info-მ გააანალიზა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ნაკლებად ცნობილი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ელემენტი - უზარმაზარი ეკონომიკური დახმარება, რომელსაც გერმანია საბჭოთა კავშირისგან 1941 წლის 22 ივნისამდე, ანუ ნაცისტების მიერ საბჭოთა კავშირში შეჭრის დღემდე იღებდა.

ამ შეთანხმებამდე გერმანიას ნავთობის მიწოდების საიმედო წყარო არ ჰქონდა. ეს კრიტიკული ფაქტორი იყო ბრიტანელების და ფრანგებისთვის ჰიტლერთან ბრძოლისთვის მზადებაში, რადგან ამ ორ მოკავშირე ქვეყანას შეეძლო გერმანია ზღვით დაებლოკა, როგორც ეს ბრიტანეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გააკეთა. საბჭოთა კავშირთან ეკონომიკურმა შეთანხმებამ გერმანია უზრუნველყო ნავთობის და ნედლი მასალების სახმელეთო გზით მიწოდების საიმედო შესაძლებლობით, რამაც თავდაყირა დააყენა ბრიტანულ-ფრანგული თავდაცვის სტრატეგია და გერმანიას ორ ფრონტზე ბრძოლის საფრთხე მოუხსნა.

პუტინის სტატიაში ვარდისფერ ფერებშია ასევე დახატული საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია და ანექსია, რაც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა გახადა შესაძლებელი. ბალტიის ეს ქვეყნები საბჭოთა კავშირის ოკუპაციის ქვეშ 1991 წლამდე, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე იყვნენ.

„1939 წლის შემოდგომაზე სამხედრო და თავდაცვის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, საბჭოთა კავშირმა ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის შემოერთების პროცესი დაიწყო,“ წერს პუტინი. „ისინი სსრკ-ის შემადგენლობაში კონტრაქტის საფუძველზე, არჩეული ხელისუფლებების თანხმობით შევიდნენ. ეს შესაბამისობაში იყო იმდროინდელ საერთაშორისო და სახელმწიფო სამართალთან.“

თუმცა, ამ განცხადებაში არ აარის ნათქვამი, რომ როდესაც „არჩეულმა მთავრობებმა“ თითქოსდა თანხმობა გამოთქვეს საბჭოთა ანექსიაზე, ბალტიის სამივე ქვეყანა უკვე საბჭოეთის მიერ იყო ოკუპირებული.

19 ივნისს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი ტვიტერით გამოეხმაურა პუტინის განცხადებებს: „პუტინმა ამერიკულ მედიას უთხრა, რომ 1940 წელს ბალტიის ქვეყნების შემოერთება ორმხრივი თანხმობით მოხდა. სწორედ ამ გზით „შემოიერთა“ ყირიმი, სწორედ ამ გზით აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული. 1940-1953 წლებში ციმბირში დეპორტაციებიც ‘ორმხრივი თანხმობით’ მოხდა.“

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გასცა პასუხი პუტინის სტატიას.

„ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებებს 19 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში ‘ნამდვილი გაკვეთილები მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავზე (ინგლისურ ენაზე),“ წერია სამინისტროს განცხადებაში.

„ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია და ანექსია უკანონოდ მოხდა, დაშინებისა და სამხედრო პროვოკაციების გამოყენების გზით. სსრკ-მა დაარღვია საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები და განახორციელა აგრესიის აქტი.“

რუსეთის პრეზიდენტის სტატიაზე კომენტარი ესტონეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმაც გააკეთა: „რაც არ უნდა დაწეროს პრეზიდენტმა პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შესახებ, ფაქტები არ იცვლება,“ დაწერა მან ტვიტერზე. „ომი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით დაიწყო. ბალტიის ქვეყნები სსრკ-ის შემადგენლობაში ძალის გამოყენებითა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით შეიყვანეს.“

პუტინის სტატიაში ასევე არ არის ნახსენები კატინის ტრაგედია - 1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ 20,000-ზე მეტი პოლონელი ტყვის, უმეტესად სამხედრო ოფიცრების მასობრივი დახვრეტა. ეს ადამიანები საბჭოთა რეჟიმმა ტყვედ აღმოსავლეთ პოლონეთში შეჭრის დროს აიყვანა, დასავლეთ პოლონეთში გერმანიის შეჭრიდან 2 კვირის შემდეგ.

მაისში, რუსეთის ქალაქ ტვერში, პრო-კრემლისტურმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მემორიალური დაფები ჩამოხსნა, რომლებიც კატინის ტრაგედიის დროს დაღუპული პოლონელების ხსოვნას ეძღვნებოდა.

პუტინის და რუსეთის სხვა ოფიციალური პირების მცდელობა, საკუთარი დაღი დაასვან მეორე მსოფლიო ომის ისტორიას, სულ უფრო ძლიერდება, განსაკუთრებით, 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და უკრაინის დონბასის რეგიონში რუსული სამხედრო ძალების შეჭრის შემდეგ.

რუსული დეზინფორმაცია, რომელმაც დონბასის კონფლიქტში მთავარი როლი ითამაშა, ხშირად ადარებს კრემლის ადგილობრივ და უცხოელ ოპონენტები ნაცისტებსა და კოლაბორაციონისტებს. 2019 წლის დეკემბერში პუტინის გამოსვლას, რომელშიც მან პოლონელებს დააკისრა პასუხისმგებლობა მეორე მსოფლიო ომის დაწყებასა და პოლონეთში საკონცენტრაციო ბანაკების არსებობაზე, მწვავე რეაგირება მოჰყვა პოლონეთის ოფიციალური პირების, მათ შორის პრემიერმინისტრის მატეუშ მორავეცკის მხრიდან.

თავის წერილში პუტინი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმის მსგავსად, იმ პერიოდში დასავლეთის ქვეყნების მიერ დადებული ხელშეკრულებებიც შეიცავდა საიდუმლო პუნქტებს.

„ჩვენ არ ვიცით, ჰქონდათ თუ არა საიდუმლო ‘ოქმები’ ან დანართები იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც რიგმა ქვეყნებმა ნაცისტურ გერმანიასთან გააფორმეს,“ წერს პუტინი. „ისღა დაგვრჩენია, მათ სიტყვაზე ვენდოთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, დააჩქაროს არქივების გახსნა და ომისა და ომისწინა პერიოდის უცნობი დოკუმენტების გამოქვეყნება, როგორც ამას ამ ბოლო დროს რუსეთი აკეთებს“.

ეს განცხადება სპეკულაციაა, რომელიც არ არის გამყარებული მტკიცებულებით ასეთი ოქმების არსებობის შესახებ. გარდა ამისა, პუტინის მმართველობა სულ უფრო ზღუდავს ისტორიულ არქივებთან წვდომას. 2019 წლის მარტში, The Moscow Times-ის ცნობით, რუსეთის სასამართლომ უარი უთხრა ერთ ისტორიკოსს „ენკავედეს“ (სტალინის საიდუმლო პოლიცია) არქივებთან დაშვებაზე, რომლებიც „ტროიკების“ - სამი ადამიანისგან შემდგარი ორგანოს საქმიანობას ეხებოდა. ამ „ტროიკებმა“ ათასობით ადამიანს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს.

იმავე პუბლიკაციაში ასევე მოთხრობილია რუსეთის ხელისუფლების მცდელობებზე, ფარულად გაანადგუროს დოკუმენტები სტალინის დროინდელი გულაგების ათასობით პატიმრის შესახებ.

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" პროექტ "პოლიგრაფზე", აქ.