სკრიპალი: „ნოვიჩოკით“ თავდასხმის ბრძანება პუტინმა გასცა

სერგეი სკრიპალი, რუსი ყოფილი ორმაგი აგენტი აცხადებს, რომ მისი ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა. სკრიპალმა ამის შესახებ ბრიტანეთში მიმდინარე გამოძიების საქმეზე გამოკითხვისას განაცხადა. სამართალდამცავები, ნურვული აგენტით ქალის მკვლელობის საქმეს იძიებენ.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის მარტში, საჯარო სივრცეში განთავსებულ ძელსკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მათი სახლის კარის სახელურზე, სამართალდამცავებმა ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“ აღმოაჩინეს. ოთხი თვის შემდეგ, სამი შვილის დედა დონ სთერჯესი, საწამლავის ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. მისმა პარტნიორმა, ყალბი სუნამოს ბოთლი აღმოაჩინა, რომელიც სამართალდამცავების აზრით, რუსი ჯაშუშების მიერ, ქვეყანაში ნერვული აგენტის გადასატანად გმოიყენებოდა.

ასევე ნახეთ: ბრიტანეთმა სკრიპალების საქმეში ორ ადამიანს დასდო ბრალი

სკრიპალებთან ერთად, ასევე მძიმედ დაავადდა პოლიციელი, რომელიც მათ სახლში იმყოფებოდა.

მათმა მოწამვლამ გამოიწვია ცივი ომის შემდეგ დიპლომატიური გაძევების ყველაზე დიდი სერია. მოსკოვმა არაერთხელ უარყო ბრიტანელების ბრალდებები მომხდარში მისი მონაწილეობის შესახებ.

სკრიპალს, თავდასხმის შემდეგ, საჯაროდ არ უსაუბრია, მაგრამ სტერჯესის გარდაცვალების შესახებ გამოძიებისთვის მიცემულ განცხადებაში თქვა, რომ მომხდარში პუტინს ადანაშაულებს. თუმცა ასევე თქვა, რომ ამის კონკრეტული მტკიცებულება არ აქვს.

„მჯერა, რომ პუტინი ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად იღებს. ასე რომ, ვფიქრობ, რომ სულ მცირე ნებართვა, იულიასა და ჩემზე თავდასხმაზე მას უნდა გაეცა“, - ამბობს სკრიპალი, რომლის განცხადების ტექსტიც მისმა ადვოკატმა, ენდრიუ ო’კონორმა წაიკითხა.

სკრიპალი, რომელმაც ბრიტანეთს რუსეთის საიდუმლოებები მიჰყიდა, ბრიტანეთში 2010 წელს ჩავიდა და თქვა, რომ პირადად იცნობდა ვლადიმირ პუტინს. მისივე თქმით, ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი იშვიათი ლითონების განადგურებასთან დაკავშირებულ უკანონო ქმედებებში იყო ჩართული.

„მე წავიკითხე, რომ პუტინი, პირადად, ძალიან დაინტერესებულია საწამლავებით და ამის შესახებ წიგნების კითხვა უყვარს“, - ნათქვამია მის განცხადებაში.

ადვოკატ ქეთრინ მაკგეინის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსმა აგენტებმა თავდასხმა ვლადიმირ პუტინის მიერ ავტორიზებული ოპერაციის ფარგლებში განახორციელეს.