რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი, ირანი, თურქეთი და სირია ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შეიკრიბებიან და სირიის კონფლიქტის მოგვარებაზე იმსჯელებენ.
დღეს გამართულ წლის შემაჯამებლ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა ალეპოს ევაკუაციას „თანამედროვე სამყაროს უმსხვილესი საერთაშორისო ჰუმანიტარული ოპერაცია“ უწოდა, რაც, მისი თქმით, რუსეთის, თურქეთის და ირანის „აქტიური ჩართულობისა“ და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის „კეთილი ნების“ გარეშე ვერ მიიღწეოდა.
პუტინის თქმით, სირიისთვის მომდევნო ნაბიჯი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს.
ასტანაში ოთხ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იანვარშია დაგეგმილი.