ერდოღანი პუტინთან სათათბიროდ მოსკოვში ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ოთხშაბათს მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ეს იმის ფონზე, როცა თურქეთი მზადაა სირიაში, ქურთული გასამხედროებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყოს.

„ტერორისტებთან გამკლავებისთვის აზრს ან ნებართვას არავის დავეკითხებით, მითუმეტეს მათ, ვინც ჩვენს მოქალაქეებს 30 წელზე მეტია ებრძვის,“ დაწერა ერდოღანმა გასულ კვირას ყოველდღიურ რუსულ გაზეთში „კომერსანტი.“

ანკარა ზემოხსენებულ ქურთულ დაჯგუფებას სირიის დემოკრატიული კავშირის პარტიის მოკავშირე ძალად თვლის, რომელიც თავის მხრივ თურქეთში მიმდინარე დაუმორჩილებლობას უკავშირდება. დღესდღეობით, ანკარა და მოსკოვი სირიის ომში განსხვავებულ პოზიციებზე დგანან და სხვადასხვა მოთამაშეს უჭერენ მხარს. სწორედ ამ აზრთა სხვადასხვაობის შედეგად, 2015 წელს მდგომარეობა გამწვავდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო. ორი ქვეყნის პრეზიდენტი, მას შემდეგ, კონფლიქტის დასრულების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს.

2018 წელს, ორმხრივი ურთიერთობების და სირიის საკითხის განსახილველად, ერდოღანი და პუტინი შვიდჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ტელეფონით კი 18-ჯერ ისაუბრეს.

რუსმა ლიდერმა ახლო წარსულში ორ თურქულ სამხედრო ოპერაციას აუნთო მწვანე შუქი სირიაში ქურთული სახალხო დაცვის ლაშქრის (YPG) წინააღმდეგ, რამაც სირიის ტერიტორიის დიდი ნაწილი ანკარის კონტროლქვეშ მოაქცია.

თუმცა დეკემბერში, მოსკოვში ჩასულმა თურქულმა დელეგაციამ ვერ მოახერხა სახალხო დაცის ლაშქრის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებაზე მხარდაჭერის მოპოვება.

ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მევლუტ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ ამ ვიზიტის დროს, ერდოღანი პუტინის აზრის შეცვლას შეეცდება. მისი თქმით, „თურქეთი, სირიაში დარჩენას, რუსეთთან ერთად ცდილობს. ანკარისთვის სწორედ ქურთული ფაქტორია პრობლემა: გამორიცხული არ არის, მოსკოვი ისევ ქურთებს დაეხმაროს მომავალში, რადგან ანკარამ რუსეთს ერთხელ უკვე უღალატა და ეს რუსებს დღემდე ახსოვთ.“

ყოფილი თურქი დიპლომატი აიდინ სელჩენი ვრუდობს, რომ პუტინი ცდილობს ქურთებს სირიის მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყება აიძულოს. ამ ზეწოლისთვის კი შესაძლოა ის თურქეთის მხრიდან მათ წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების მუქარას იყენებდეს. სელჩენის თქმით, პუტინი მზადაა მოიცადოს და ნახოს შეთანხმდება თუ არა დემოკრატიული კავშირის პარტია დამასკოსთან მოსკოვის შეთავაზების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, რუსეთი დაინტერესებული იქნება ანკარას გადააფიქრებინოს ქურთული დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაცია.“

კვირას, ერდოღანი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ესაუბრა. თეთრმა სახლმა უკვე აუწყა საზოგადოებას, რომ ორი ქვეყანა სირიის ჩრდილოეთში პრობლემის დარეგულირებას და ორმხრივად უშიშროების საკითხების მოგვარებას შეეცდება.

სექტემბერში, ანკარასა და მოსკოვს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ იდლიბში, ჰუმანიტარული კატასტროფა და თურქეთში, ლტოლვილების გადასვლა აიცილა თავიდან და დემილიტარიზებული ზონის ჩამოყალიბებას დაუდო სათავე, რომელსაც თურქული ძალები აკონტროლებს.

მოსკოვი ახლა რადიკალი ჯგუფების მიერ იდლიბზე კონტროლის აღების და ამ შეთანხმების დარღვევის საშიშროებაზე საუბრობს.