პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსი მოსკოვის ახალი მერი გახდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მოსკოვში ჯეიმს ბრუკი აანალიზებს იმას, თუ რას ნიშნავს ხსენებული არჩევანი რუსეთის პრემიერ მინისტრის ძალაუფლებისთვისა და რუსეთის დედაქალაქისთვის.
სერგეი სობიანინი ციმბირის შორეულ სოფელში დაიბადა. სობიანინი მოსკოვში მხოლოდ ხუთი წელია რაც ცხოვრობს და მოსკოველებისთვის იგი უცნობ ფიგურად რჩება. მაგრამ, ალბათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხსენებული ხუთი წლის მანძილზე იგი რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. როგორც ჩანს, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იგი მოსკოვის მერი გამხდარიყო.
დანშივნის ქორეოგრაფიამ ექსესების გარეშე ჩაიარა. მოსკოვის ქალაქის საბჭომ კრემლის ფავორიტის დანიშვნას მოსკოვის მერობის თანამდებობაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. სობიანინის ინაუგურაციის ცერემონიას თვით რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი უძღვებოდა, რომელიც ალხადდანიშნული მერის მფარველად ითვლება. შემდეგ ეროვნულ ტელევიზიაზე „პირდაპირი ჩართვით“ სიგელების გადაცემის ცერემონია გაშუქდა, რომელშიც მოსკოვის მერის მთავარმა მფარველმა პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო მონაწილოება.
რუსეთში პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის შემდეგ მოსკოვის მერი ქვეყნის მესამე ყველაზე ძლევამოსილ პირად ითვლება. იგი მსოფლიოში ენერგომატარებლების ყველაზე მსხილი ექსპორტიორი ქვეყნის დედაქალაქს მართავს. მოსკოვსა და მოსკოვის შემოგარენში ამჟამად რუსეთის მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტი ცხოვრობს. ხოლო მოსკოვის ეკონომიკა რუსეთის 1.2 ტრილიონ დოლარად შეფასებული ეკონომიკის ერთ მეოთხედს შეადგენს.
დმიტრი ტრენინი მოსკოვში კარნეგის სახელობის ცენტრის დირექტორია. მისი თქმით, ის, რომ მოსკოვის მერობის ხუთწლიან ვადას პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი გაუძღვება რუსეთში ძალაუფლების ნამდვილ განაწილებას ნათლად ასახავს.
„ვლადიმირ პუტინი იყო და იქნება რუსეთის წამყვანი პოლიტიკოსი. ყველაფერი სწორედ მას ექვემდებარება,“ აღნიშნა ტრენინმა.
გაზეთ „ვედომოსტის“ თანახმად კი, „სობიანინი 100 პროცენტით პუტინის კაცია. მისი ფედერალური კარიერა სწორედ პუტინის დამსახურებაა.“
მოსკოვის ახალი მერი ჩრდილოდასავლეთ ციმბირის შორეულ რეგიონში მდებარე სოფელში გაიზარდა. მისი თქმით, ვიდრე იგი სიარულს დაიწყებდა მან თხილამურებზე სიარული ისწავლა. მოზარდობიდან მოყოლებული სობიანინს ტაიგაში ნადირობა იტაცებს.
რეგიონალური კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ფრთის რიგებში კარიერის შედეგად მან პოსტ-საბჭოურ პოლიტიკურ თანამდებობებსაც მიღწია. 2001 წელს მან რეგიონალურ არჩევნებში გაიმარჯვა და მისი მშობლიური ტიუმენის რეგიონის გუბერნატორი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ნავთობის წარმოების მხრივ ტიუმენის რეგიონი გადამწყვეტ როლს ასრულებს. ქალაქ ტიუმენის მოსახლეობის საშუალო შემოსავალი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. შემთხვევითი როდია, რომ ტიუმენი შეერთებული შტატების ნავთობის წარმოების დედაქალაქის ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონთან დაძმობილებული ქალაქია.
მოსკოვში სობიანინი დმიტრი მედვედევის 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდრე სობიანინი პუტინის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, ამ თანამდებობას დმიტრი მედვედევი იკავებდა.
ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე სობიანინმა თავისი პირველი საჯარო სიტყვით მოსკოვის ქალაქის საბჭოს 34 წევრს მიმართა.
თავის გამოსვლაში მან ყურადღება მოსკოვში გამეფებულ კორუფციასა და ბიუროკრატიაზე გაამახვილა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ კორუფცია და ბიუროკრატია მოსკოვის უპირატესობებს ძირს უთხრიან. ცხადია, რომ ქალაქს უფრო გამჭვირვალე და ეფექტური მართვის სისტემა სჭირდება,“ განაცხადა სობიანინმა.
კრემლის მიერ სობიანინის დანიშვნას მოსკოვის ქალაქის საბჭოს და კომუნისტური პარტიის წევრი ანდრეი კლიჩოვი ამგვარად ეხმაურება: „სინამდვილეში მოსკოველებს არჩევის უფლება არ გააჩნიათ. ყველაფერი დახურულ კარს მიღმა გადაწყდა.“
ოდნავ მოგვიანებით კი კლიჩოვმა და მოსკოვის ქალაქის საბჭოს სხვა კომუნისტმა წევრმა სობიანინის წინააღმდეგ ხმა მისცეს. მაგრამ ვინაიდან „ედინაია როსიას“ პოლიტიკური პარტიის წევრები მოსკოვის ქალაქის საბჭოს უმრავლესობას შეადგენენ, სობიანინის დანიშვნას საბჭოს 32 წევრმა დაუჭირა მხარი და მის წინააღმდეგ მხოლოდ ხსენებული ორი ხმა დაფიქსირდა. შედეგად 10-მილიონიანი ქალაქის მერის დანიშვნა ადვილად მოხერხდა.