ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები შაბათს უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ ტელეფონით ისაუბრებენ. ამერიკამ კიევში მდებარე საკუთარი საელჩოდან თანამშრომლოების ევაკუაცია გადაწყვიტა. ამასთან, თეთრმა სახლმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა 13 თებერვლამდე უკრაინა დატოვონ. იზრდება შიში იმის შესახებ, რომ მოვლენები შესაძლოა ძალიან სწრაფად განვითარდეს და უახლოეს დღეებში რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას.
პრეზიდენტ ბაიდენთან სატელეფონო საუბრამდე, ვლადიმირ პუტინს დაგეგმილი ჰქონდა ზარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელიც მოსკოვში კვირის დასაწყისში ჩავიდა და კრიზისის გადასაჭრელად გზების გამონახვა სცადა.
რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. სამხედრო ძალა და შეიარაღება გაგზავნილი აქვს მეზობელ ბელარუსშიც, სადაც კრემლი ამას სამხედრო წვრთნებით ამართლებს. მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას და აგრესიას არ გეგმავს, თუმცა ნატოს პროვოკაციებში ადანაშაულებს და მისგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ შაბათს თქვა, რომ კიევში რუსეთის საელჩოს "ოპტიმიზაცია" მოხდა, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ უკრაინული მხრიდან შესაძლო სამხედრო ქმედებების პასუხად არსებული შეშფოთება იყო.
"ჩვენ ვასკვნით, რომ ჩვენმა ამერიკელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, ალბათ, იციან ზოგიერთი იმ სამხედრო ქმედების შესახებ, რომელიც უკრაინის მხრიდან მზადდება და რასაც შეუძლია მნიშვნელოვნად გაართულოს სიტუაცია უსაფრთხოების სფეროში. ამ სიტუაციაში, ვშიშობთ რა შესაძლო პროვოკაციების გამო კიევის რეჟიმისა თუ მესამე [მხარის] ქვეყნების მხრიდან, ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინაში რუსეთის საგარეო მისიების გარკვეული ოპტიმიზაცია მოგვეხდინა", - განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ტელეფონით შაბათს უკვე ისაუბრეს. ლავროვმა ბლინკენს უთხრა, რომ "ამერიკისა და მისი მოკავშირეების მხრიდან დაწყებული პროპაგანდის კამპანია უკრაინის წინააღმდეგ "რუსული აგრესიის" შესახებ პროვოკაციულ მიზნებს ემსახურება".
ბრიტანეთმა შაბათს საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰეპიმ BBC-ის განუცხადა, რომ დიდი ბრიტანელი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს წვრთნიდნენ, ქვეყანას ასევე დატოვებენ. გერმანია და ნიდერლანდები საკუთარ მოქალაქეებს ასევე მოუწოდებენ, დატოვონ უკრაინა იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
პენტაგონმა ამ ვითარებაში პოლონეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა, რათა ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოება გააძლიეროს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში ომში არ ჩაერთვებიან. მაგრამ პირობა დადო, რომ შეჭრის შემთხვევაში მოსკოვი ამერიკის მხრიდან დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მიღებულ უმკაცრესი სანქციების სამიზნე გახდება.
გრძელდება დისკუსია იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება დაესხას რუსეთი თავს უკრაინას. ამერიკული მხარის მიერ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობებით, რუსეთი უკრაინაში შეიძლება ოთხშაბათს შეიჭრას. თუმცა "ასოშეითედ პრესის" წყარო მედიას ამ ინფორმაციას მხოლოდ ანონიმურობის დაცვის გარანტიით უზიარებს და არ აკონკრეტებს, რამდენად ზუსტია ეს ცნობები. თეთრი სახლი კი ხაზს უსვამს, რომ ამინისტრაციამ დანამდვილებით არ იცის, რამდენად აპირებს ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრას. ამასთან ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების მობილიზაციამ იმ ნიშნულს მიაღწია, როცა შეჭრა უკვე ძალიან სწრაფად იქნება შესაძლებელი და მოსალოდნელი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა შაბათს განაცხადა, რომ კიევში საელჩოდან თანამშრომლების უმრავლესობამ ქვეყნის დატოვების ბრძანება მიიღო და უკრაინა ამერიკის სხვა მოქალაქეებმაც დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ სიმშვიდის შენარჩუნება აუცილებელია.
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია და სტაბილურობისთვის რისკის შემქმნელი და პანიკის გამომწვევი ქმედებების თავიდან აცილება. შეიარაღებული ძალებიგამუდმებით ახორციელებენ სიტუაციის მონიტორინგს და მზად არიან დაუპირისპირდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას".
ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა კი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ამერიკელებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შეერთებული შტატების ჯარი მათ საჰაერო ან სახმელეთო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, თუკი რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ევაკუაცია გახდება აუცილებელი. საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა ასევე ბრიტანეთმა, კანადამ, ნორვეგიამ და დანიამ. ასევე ახალმა ზელანდიამ.
ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა საჰაერო და სარაკეტო იერიშით დაიწყოს, შემდეგ კი ამას სახმელეთო აგრესია მოჰყვეს.
"რუსეთს ჰყავს ის ძალა, რომელიც მას მნიშვნელოვანი სამხედრო ქმედებისთვის სჭირდება. რუსეთს შეუძლია ძალიან მოკლე ვადაში დაიწყოს მნიშვნელოვანი სამხედრო ქმედება უკრაინის წინააღმეგ", - თქვა სალივანმა და განმარტა, რომ შეჭრის მასშტაბები შეიძლება განსხვავებული იყოს და მოხდეს როგორც შედარებით მცირე თავდასხმები, ისე იერიში ქვეყნის დედაქალაქზეც. თუმცა რუსეთი ამგვარ განცხადებებს ისტერიკულად მიიჩნევს.
"თეთრი სახლის ისტერია იმაზე მეტზე მიუთითებს, ვიდრე ოდესმე. ანგლო-საქსებს ომი სჭირდებათ. ნებისმიერ ფასად. პროვოკაციები, დეზინფორმაცია და მუქარა მათთვის საკუთარი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზაა", - თქვა ზახაროვამ.