16 მაისს, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებსა და ევროპას დიდ, გლობალურ ომში ჩაერთვისკენ უბიძგებს. დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დასავლელ ლიდერებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ კატასტროფის თავიდან აცილების საქმეს.
პარალელურად, რუსეთი უკრაინაში კვლავ იერიშზეა გადასული და ფრონტის ზოგიერთ ხაზზე დაწინაურდა კიდეც. ორი წლის წინ მეზობელ სუვერენულ უკრაინაში დაწყებულმა ომმა, რუსეთს და დასავლეთს შორის დიდი ბზარი გააჩინა. მსგავსი დაპირისპირება მათ შორის 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ამავდროულად, ევროპის კონტინენტს მსგავსი მასშტაბის კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.
ასევე ნახეთ: ვლადიმირ პუტინმა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით, წვრთნების დაწყების ბრძანება გასცა"კიევის რეჟიმი შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს დიდ ომში ითრევს“, - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა. ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე და რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრია.
ვოლოდინის თქმით, უკრაინელი კანონმდებლები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ვაშინგტონი, რომ მათთვის ნება დაერთოთ, ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის გამოეყენებინათ.
"ეს გზა ისეთ ტრაგედიამდე მიგვიყვანს, რომელსაც შეუძლია გავლენა მთელ კაცობრიობაზე იქონიოს", - განაცხადა ვოლოდინმა. მისი თქმით, "დასავლელმა პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა და ყველაფერი გააკეთონ, რათა სიტუაცია გლობალურ კატასტროფამდე არ მიიყვანონ".
ერთი დღით ადრე, კიევში იმყოფებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის დროს, მან გარკვევით განაცხადა, რომ ვაშინგტონს „არ წაუხალისებია და არ ყოფილა ჩართული იერიშებში უკრაინის ფარგლებს გარეთ. მაგრამ, საბოლოო ჯამში თავად უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ აწარმოებს ომს". ბლინკენის განცხადების ტექსტს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
უკრაინა აცხადებს, რომ მას თავდაცვის მიზნით, აქვს უფლება შეუტიოს რუსეთის ობიექტებს, რადგან მას მოსკოვი რაკეტებით ყოველდღიურად ესხმის თავს. შეერთებული შტატები კი გაცილებით ფართო რისკების გამო, უფრთხილდება მისი იარაღის რუსეთის წინააღმდეგ - მსოფლიოს უდიდეს ბირთვულ ძალაზე პირდაპირ შესატევად - გამოყენებას.