„ეს უკრაინელების მისწრაფებაა უკვე გარკვეული ხანია. ჩვენ უკვე დიდი ხანია განვიხილავთ ამ მისწრაფებას. უკრაინას მტკიცედ ვუჭერთ მხარს და მათთან ჩართულები ვართ. მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ნატომ უნდა მიიღოს“ - ეს განცხადება უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის შესახებ, თეთრის სახლის პრესსპიკერმა გააკეთა. ჯენ პსაკიმ ამის შესახებ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თეთრ სახლში მიმდინარე პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატოსკენ მიმავალი გზა ერთადერთი საშუალებაა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასამთავრებლად, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ებრძვიან.
ზელენსკიმ ნატოს წევრ ქვეყნებს შავი ზღვის აუზში მათი სამხედრო ყოფნის გაძლიერება სთხოვა. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს რომ ეს მოსკოვისთვის შეკავების ძლიერი სიგნალი იქნება.
ასევე ნახეთ: მომატებული რუსული აგრესიის ფონზე, სტოლტენბერგი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებსნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა „უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო მოქმედებების და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმდინარე დარღვევების გამო სერიოზული შეშფოთების გამოსახატად“.
სტოლტენბერგმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ახლო პარტნიორობისადმი ერთგულებას“.