აქტივისტები პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზებას იწყებენ. ისინი მოუწოდებენ ადამიანებს, გააპროტესტონ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან გაათავისუფლა დ ამის ნაცვლად ამ პოსტზე ისეთი ადამიანი წარადგინა, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ მის აზრს იზიარებს.
საპროტესტო გამოსვლა დაგეგმილია ყველა შტატში, ისევე როგორც ამერიკის ტერიტორიებზე - პუერტო რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე. ორგანიზატორები მონაწილეობის მსურველებს სთხოვენ კონკრეტულ საიტზე დარეგისტრირებას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დაახლოებით მაინც რამდენი ადამიანი აპირებს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის მიღებას. აქცია ვაშინგტონში თეთრ სახლთან გაიმართება.
გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა ოფიციალურად გუშინ დატოვა პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. დონალდ ტრამპმა მისი მოვალეობის შემსრულებლად სეშენსის ადმინისტრაციის უფროსი მეთიუ უიტეკერი დაასახელა.
სეშენსს პრეზიდენტი ხშირად აკრიტიკებდა. განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ მან უარი თქვა ზედამხედველობა გაეწია რუსეთთან დაკავშირებული ე.წ. მალერის გამოძიებისთვის. ტრამპის მიერ დასახელებული მოვალეობის შემსრულებელს, მეთიუ უიტეკერს კი გამოძიებაზე პრეზიდენტის მსგავსი აზრი აქვს და ამ გამოძიებას ხშირად აკრიტიკებდა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მისგან მოითოხვენ, მანაც, სეშენსის მსგავსად აიცილოს მალერის გამოძიების ზედამხედველობა ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით.