20 ივნისს, ე.წ. "გავრილოვის ღამიდან" 3 თვის თავზე, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოძრაობის მოქმედების გეგმა გააცნო.
მანიფესტის წაკითხვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათები აჩვენეს და საქართველოს ჰიმნი იმღერეს.
"ამერიკის ხმა" უცვლელად გთავაზობთ მანიფესტის ტექსტს:
"ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები: ექიმები, რომლებსაც ვანდობთ ჯანმრთელობას; იურისტები, რომლებსაც ვანდობთ სიმართლეს; ჟურნალისტები, რომლებსაც ვანდობთ სათქმელს; პოლიციელები, რომლებსაც ვანდობთ უსაფრთხოებას; მასწავლებლები, რომლებსაც ვანდობთ შვილებს; ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონერები, სპორტსმენები და მეშახტეები. ყველა ის, ვისი სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტიც უკვე სამი თვეა გრძელდება.
და როდესაც ქვეყნის სამსახურში ყველანი ერთად ვდგავართ, ყველაფერი იცვლება: აღარ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ ვლახავთ; აღარ არსებობს ძალა, რომელსაც ვერ ვერევით.
და აღარ არსებობს იარაღი, რომელიც აფერხებს ჩვენს უკან მოუხედავ სწრაფვას თავისუფლებისკენ!
20 ივნისს ჩვენ ხელისუფლების მიერ ჩადენილმა სამარცხვინო დანაშაულმა გაგვაერთიანა. სამშობლოს ერთგული ხალხის პროტესტს ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა. დაშავდა ასეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორის მედიის ათეულობით წარმომადგენელი და რაც ყველაზე ტრაგიკულია, მოქალაქეთა ჯანმრთელობას მიადგა აუნაზღაურებელი ზიანი. ჩვენ ამას არ ვპატიობთ!
ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს: თქვენ გქონდათ შანსი, რომ შეგესმინათ საზოგადოების მოთხოვნები და აგეღოთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე. თუმცა, ამის ნაცვლად, თქვენ ღიად დაუპირისპირდით ხალხის ნებას. სწორედ ამის დემონსტრირება იყო დამნაშავე შინაგან საქმეთა მინისტრის ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე დაწინაურება.
და ჩვენ, არც ამას ვპატიობთ!
ჩვენთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული, ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა. მან იყიდა და მიიტაცა ყველა სახელისუფლებო შტო, აკონტროლებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, რეალობის გასაყალბებლად იყენებს პროპაგანდისტულ მედიას და დევნის თავისუფალ სიტყვას.
ჩვენ დღეს ამ ყველაფრის წამზომი ჩავრთეთ.
ჩვენ, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში", აქ შეკრებილი საზოგადოება და ადამიანები, რომლებიც გვიყურებენ და შორიდან გვიჭერენ მხარს, ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი იქნება 2020 წლის არჩევნებში მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება.
ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა ერთიანდება ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების გარშემო, რაც ნიშნავს დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მთავრობა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, სადაც სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, სადაც საკანონმდებლო ორგანო ემსახურება მოქალაქეების ინტერესს.
ჩვენ ვერთიანდებით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მიგვაჩნია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უალტერნატივო მომავალია.
ისევე, როგორც ევროატლანტიკური სივრცისთვის — საქართველო.
ჩვენი უპირველესი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი მოძრაობისა და ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარი — პროპორციული არჩევნები!
და მის ფარგლებში ქვეყნის გამარჯვების მოსაპოვებლად:
- ჩვენ თბილისსა და რეგიონებში შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა ჯგუფებს, რომლებიც მოსვენებას არ მისცემენ ივანიშვილის მსახურებს!
- ჩვენ იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ გავრილოვის ღამის დაკავებულებსა და დაზარალებულებს. შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის წევრებს!
- ჩვენ შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომელთა საშუალებითაც დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას!
- ჩვენ შევქმნით ელფების არმიას, რომელიც ონლაინსივრცეში დაამარცხებს ივანიშვილის ბოტებსა და ტროლებს!
- ჩვენ ვაწარმოებთ ფართომასშტაბიან კამპანიას იმისთვის, რათა 2020 წელს მაქსიმალურად ბევრმა მოქალაქემ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი!
- ჩვენ ყველაფრის მისაღწევად, მუდმივად გავაჩენთ შესაძლებლობებს, რომ განსხვავებულმა ადამიანებმა საერთო მიზნისთვის დაიწყონ ბრძოლა. რადგან ძალა ერთობაშია და ეს ერთობა იქნება ის, რითიც დავამარცხებთ ივანიშვილს მედიაში, ინტერნეტსა და 2020 წლის არჩევნებში!"
Your browser doesn’t support HTML5