„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება“ კონფლიქტის ზონაში

კონფლიქტის ზონაში, შიდა ქართლში რუსული პროპაგანდა მძლავრობს. პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები აქტიურად ცდილობენ მხარდაჭერის მოპოვებას, რის ხარჯზეც სურთ პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი და ქვეყნის მართვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

რუსული პროპაგანდა და ჩვენთან გაზეთების დარიგება ძალიან ბევრს აღიზიანებს, ძალიან ბევრს არ აღიზიანებს. იცი როგორი სიტუაციაა, წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება. ის არ გამოვიდა, ეს მაინც გამოვიდესო – ზოგი ასე ფიქრობს.
მაგული ოქროპირიძე, ერგნეთი

ომგამოვლილი მოსახლეობისგან სიმპათიის მოპოვება რთულია. აქ ყველას კარგად ახსოვს 2008 წელი და ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების ყოველდღიური დაკავებების სერია, ეგრეთ წოდებულ, ბორდერიზაციაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამომრჩევლის გულის მოგებისთვის არასახარბიელო მოცემულობის მიუხედავად, რუსული პროპაგანდა აპოკალიპტური სურათის დახატვასაც არ ერიდება. ამ სცენარში ერთადერთ მშველელად მეზობელი რუსეთია გამოყვანილი, რომელიც საქართველოს პრობლემებს მოაგვარებს იმ წუთიდან, რა წუთსაც საქართველო „ჭკვიანურად“ მოქცევას გადაწყვეტს.

ერგნეთის მკვიდრი მაგული ოქროპირიძე "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მათ სოფელს ჯერ მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა ესტუმრა. ნაციონალური მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი.

„ეს რუსული პროპაგანდა და ჩვენთან გაზეთების დარიგება ძალიან ბევრს აღიზიანებს, ძალიან ბევრს არ აღიზიანებს. იცი როგორი სიტუაციაა, წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება. ის არ გამოვიდა, ეს მაინც გამოვიდესო – ზოგი ასე ფიქრობს. ზოგს რუსების გახსენება საერთოდ არ უნდა, ჩემნაირებს, მაგალითად,“– ამბობს მაგული ოქროპირიძე.

მომდევნო სიმღერა კი რუსულ ენაზე იმღერა, რის შემდგომაც ტაში, რა თქმა უნდა, არავის დაუკრავს, რამაც ის ძალიან გააბრაზა. განაცხადა, რომ გორი მისნაირ ხელოვანს ვეღარასდროს ნახავდა, რომ ჩვენ შანსი გავუშვით და დატოვა დარბაზი.
ნინო გიორგაძე

რამდენიმე დღის წინ გორის საავადმყოფოში რუსი მესაზღვრის მიერ ნაცემი კირბალის მკვიდრი მურად თაყაძე გადაიყვანეს. მას ჭრილობებზე ნაკერები დაადეს.

კირბალის გამგებელმა დავით ცერცვაძემ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას თქვა, რომ “მურად თაყაძე მწყემსავდა საქონელს, სასაფლაოსთან მივიდა ხის ქვეშ დასასვენებლად, მიადგნენ რუსი სამხედროები. სცადეს დაკავება და გატაცება, ეს გაუძალიანდა და ამ დროს ჩაარტყეს კონდახი სახეში. თვითმხილველი მასთან ერთად მყოფი მწყემსია. გამყოფ ხაზს საკმარისია მიუახლოვდეს პიროვნება, გადმოდიან, აკავებენ და მიჰყავთ."

ცერცვაძე ამბობს, რომ ყველა დღემდე მომხდარი გატაცება "საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან მოხდა. რუსი სამხედროები როგორც კი დაინახავენ, რომ ვინმე უახლოვდება პირობით საზღვარს, გადმოდიან და მიჰყავთ. კირბალთან მავთულხლართი არაა, ბანერები უდგათ მარტო. ორი წელია გამგებელი ვარ და ალბათ 25 ადამიანი მაინც ჰყავთ დაკავებული მარტო კირბალიდან ამ ხნის მანძილზე. თვე ისე არ გავა, ვინმე არ წაიყვანონ.“

რუსული პროპაგანდა არა მხოლოდ სოფელ–სოფელ ცდილობს რეკლამირებას, არამედ რესტორნებშიც. გორში მცხოვრები ნინო გიორგაძე ერთ–ერთი მსგავს შემთხვევას შეეწრო. აი როგორ იხსენებს ის ერთ საღამოს: „ცნობილმა კომპოზიტორმა, ჯემალ სეფიაშვილმა რესტორანში მყოფ ადამიანებს სცენიდან გვამცნო, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა თამაზ მეჭიაური, რომელიც გორელებისგან არჩევნებზე მიიღებდა მხარდაჭერას. მან ასევე დასძინა, რომ ბატონ თამაზთან ერთად იყო რუსეთის დუმის დეპუტატი."

მოგვიანებით გაირკვა, რუსი დეპუტატი იგორ მოროზოვი იყო. სეფიაშვილმა "ასევე გვამცნო, რომ დიდი პოლიტიკური გეგმები აქვთ რუსეთის დუმის დეპუტატთან ერთად," იხსენებს ნინო გიორგაძე.

მისივე თქმით, სიტყვით გამოსვლის შემეგ სეფიაშვილმა ერთი სიმღერა შეასრულა ქართულ ენაზე, რასაც დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა. "მომდევნო სიმღერა კი რუსულ ენაზე იმღერა, რის შემდგომაც ტაში, რა თქმა უნდა, არავის დაუკრავს, რამაც ის ძალიან გააბრაზა. განაცხადა, რომ გორი მისნაირ ხელოვანს ვეღარასდროს ნახავდა, რომ ჩვენ შანსი გავუშვით და დატოვა დარბაზი." გიორგაძის თქმით ეს ის დღე იყო, როცა კირბალის მკვიდრი მურად თაყაძე რუსი მესაზღვრეების მიერ ნაცემი მიიყვანეს საავადმყოფოში.

რუსეთის დუმის დეპუტატის გორში, რესტორანში ქეიფის პარალელურად "ხდება ის, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი, ქართველების გარკვეულ ჯგუფთან ერთად აღნიშნავს რაღაცას, არ ვიცი რას, არის მხიარულ განწყობაზე და ასე შემდეგ. მე, როგორც გორის მკვიდრს, ასეთი დაცინვა არ მიგრძვნია არასდროს. შემდგომ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ჩემი პოსტი ამის თაობაზე. ვფიქრობ, უნდა ვიცოდეთ, რომელი პოლიტიკური პარტიის უკან რა ძალა იმალება,“ ამბობს ნინო გიორგაძე.

26 ივლისს კონფლიქტის ზონაში ჯარიაშენსა და მეჯვრისხევში რუსეთის დუმის დეპუტატს იგორ მოროზოვს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა უმასპინძლა. ის ახალი პოლიტიკური პლატფორმით 2016 წლის მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად იყრის კენჭს. მეჭიაურის ეს ნაბიჯი გორში ზოგიერთმა ადამიანმა რუსეთთან სიახლოვის დემონსტიტრებად აღიქვა. წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მსგავსი ნაბიჯები ზოგიერთ პრო-რუსულ ძალას შესაძლოა ეხმარებოდეს იმის გამართლებაში, რომ საქართველოს პრობლემებს მხოლოდ რუსეთი მოაგვარებს.