გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტურ ქვედანაყოფს, „ყუდსის ძალებს“ 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა.
სოლეიმანი ირანის მთავრობას ახლო აღმოსავლეთში არაპირდაპირი ომების წარმოებაში ეხმარებოდა. გენერალ-მაიორი სამშობლოში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა. ამასთან ერთად, მუდამ იყო აშშ-ის, ისრაელისა და ირანის რეგიონული კონკურენტის, საუდის არაბეთის დაკვირვების ქვეშ.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მალევე დაადასტურა. პენტაგონის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეც-ოპერაცია ირანის მიერ, სამომავლო თავდასხმის გეგმების შეკავებას ისახავდა მიზნად. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გენერალ სოლეიმანს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ასობით ამერიკელის სიკვდილსა და კოალიციური ძალების ათასობით წარმომადგენლის დაშავებაში.
ყასემ სოლეიმანი და მასთან ერთად ლიკვიდირებული შეიარაღებული დაჯგუფება „სახალხო მობილიზაციის ძალების“ მეთაურის მოადგილე, აბუ მაჰდი ალ მუჰანდისი, ირანში მტრებთან მებრძოლ ეროვნულ გმირებად იყვნენ აღიარებული.
გენერალი სოლეიმანი ირანის საგარეო საიდუმლო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის ველზე ის ხშირად ჩნდებოდა, როგორც ერაყის შიიტური დაჯგუფებების ხელმძღვანელი.
ყასემ სოლეიმანი „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელად 1998 წელს ირანის მაშინდელმა სულიერმა ლიდერმა, ალი ჰამეინიმ დანიშნა. ამ პერიოდიდან, მან მოახერხა ირანის კავშირების გაძლიერება დაჯგუფება "ჰეზბოლასთან" ლიბანში, ბაშარ ალ ასადის მთავრობასთან სირიაში და შიიტურ დაჯგუფებებთან ერაყში.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გენერალ-მაიორის იმიჯსა და რეპუტაციაზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ. სოციალურ ქსელებში ანთავსებდნენ ფოტოებს, სადაც ის სირიასა და ერაყში ბრძოლის ველზე, სამხედრო მეთაურებთან ერთად იყო დაფიქსირებული. მისი წვერი და ვარცხნილობა კი ყოველთვის მოწესრიგებული იყო.
გასულ წელს, ირანის სამხედრო ეშელონებში სოლეიმანის მზარდი ავტორიტეტი სულ უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ირანის ამჟამინდელმა სულიერმა ლიდერმა აიატოლა ალი ჰამენეიმ მას უმაღლესი სამხედრო წოდება მიანიჭა და ზულფიყარის მედლით დააჯილდოვა. ისლამური რევოლუციის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სამხედრო მეთაურმა ზულფიყარის მედალი მიიღო.
სოლეიმანის დაღუპვის შემდეგ, ჰამეინიმ განაცხადა, რომ გენერლის მკვლელობაში მონაწილეები შურისძიებას უნდა ელოდონ.
გენერალ-მაიორი, 1957 წლის 11 მარტს, ირანის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონის პატარა ქალაქ რაბორში, მიწათმოქმედების ოჯახში დაიბადა.
13 წლის ასაკში ის მამასთან ერთად ქალაქ კერმანში გადავიდა და მასთან ერთად მშენებლობაზე მუშაობდა.
ირანის ისლამური რევულუციის დროს სოლეიმანი მუნიციპალურ წყლის კომპანიაში მუშაობდა და ქალაქ კერმანში შაჰის წინააღმდეგ დემონსტრაციებს უკეთებდა ორგანიზებას. მოგვიანებით, ის მოხალისედ ირიცხებოდა რევოლუციურ გვარდიაში,1980-იან წლებში კი ავღანეთის საზღვრებთან იბრძოდა.
2007 წელს ერაყში, სუნიტ და შიიტ მებრძლოებს შორის სამოქალაქო ომის დროს, ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსებმა „ყუდსის ძალებს“ შიიტი მებრძოლებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების მიწოდებაში დასდეს ბრალი, რამაც მრავალი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სოლეიმანს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა სირიის ომზეც. 2015 წლის ზაფხულში ის მოსკოვში ჩავიდა, რის შემდეგაც რუსეთმა სირიაში სამხედრო ინტერვენციისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა. ამ ნაბიჯმა სირიის ომის დინამიკა რადიკალურად შეცვალა და შექმნა რუსეთ-ირანის ახალი ალიანსი, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის დასახმარებლად."ფოქს ნიუსი" 2015 წელს იუწყებოდა, რომ სოლეიმანი მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
გენერლის წარმატებამ ხელი შეუწყო ირანის დღის წესრიგის გამყარებას და რეგიონულ მოწინააღმდეგეებთან, საუდის არაბეთთან და ისრაელთან, მომგებიანი პოზიციის შექმნას.
Your browser doesn’t support HTML5
2018 წლის „ნიუ-იორკ თაიმსის“ სტატიის თანახმად, საუდის არაბეთის დაზვერვის მაღალჩინოსნები სოლეიმანის ლიკვიდაციის შესაძლებლობებს 2017 წელს განიხილავდნენ. მაშინ, "ნიუ იორკ-თაიმსთან" საუდის არაბეთის მთავრობის სპიკერმა კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ისრაელის ოფიციალური სამხედრო პირები მასზე თავდასხმის შესაძლებლობებს საჯაროდ განიხილავდნენ.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, ირანის სულიერი ლიდერი „ყუდსის ძალების“ მეთაურად გენერალ სოლეიმანის მოადგილეს, ისმაილ გაანის გამოაცხადებს.