ვაშინგტონში სიცოცხლის უფლების მხარდამჭერთა მარში გაიამართა

სიცოცხლის უფლების მხარდამჭერი მარშის მონაწილეებისადმი მიმართვაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა , რომ ყველა ბავშვი „ღმერთისგან ბოძებული ფასდაუდებელი საჩუქარია.“ ტრამპმა დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს სიცოცხლის უფლების დასაცავად.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა თეთრი სახლიდან რამდენიმე კილომეტრით მოშორებულ ეროვნულ მოლზე დემონსტრაციას სატელიტით გადაეცა. დემონსტრაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი, პრეზიდენტმა 19 იანვარი „სიცოცხლის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა.

თეთრმა სახლმა პარასკევს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების დეპარტამენტი ინიციატივით გამოვა, რომლითაც გადასახადების გადამხდელთა თანხებით დაფინანსება შეუწყდებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც „დისკრიმინაციულ პოლიტიკას“ იყენებენ იმ ამერიკელების წინააღმდეგ, რომლებიც უარს ამბობენ „გარკვეული სამედიცინო მომსახურების“ მიწოდებაზე რელიგიური თუ მორალური შეხედულებების საფუძველზე.

სიცოცხლის უფლების დამცველთა მარში, რომელშიც აბორტის, კონტრაცეფციის, ევთანაზიის და სხვა სამედიცინო პროცედურების მოწინააღმდეგეებიც შედიან, წელს 45-ჯერ გაიმართა. დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელმაც დემონსტრაციის მონაწილეებს სიტყვით პირდაპირი ჩართვით მიმართა.

პირველი მარში 1973 წელს მას შემდეგ გაიმართა, რაც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ აბორტის გაკეთება ქალის ლეგალური უფლებაა. რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა (1987 წელს) და ჯორჯ ბუშ უმცროსმა (2003 და 2004 წლებში) მარშის მონაწილეებს წინასწარ ჩაწერილი ვიდეო და აუდიო მესიჯებით მიმართეს.

პრეზიდენტმა ტრამპმა უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და თქვა, რომ ამერიკას აბორტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონები აქვს მთელს მსოფლიოში.

წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის მხარდაჭერით უკვე გავიდა კანონპროექტი, რომელიც 20 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთებას კანონის დარღვევის კლასიფიკაციას მისცემს.კანონპროექტს სენატი ჯერ არ გაუვლია.