დონალდ ტრამპმა ხუთი შტატის პრაიმერებში დამაჯერებლად გაიმარჯვა

პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გუშინ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთის ხუთ შტატში გამართულ პრაიმერებში გაიმარჯვა და პარტიის ნომინაციის მოპოვების პროცესში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. ტრამპმა კონექტიკუტში, დელოვერში, მერილენდში, პენსილვანიასა და როუდ აილენდში ხმების 55 პროცენტზე მეტი მოიპოვა.

პრაიმერების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ტრამპმა რესპუბლიკელებს შორის ნომინაციისთვის ბრძოლა “დასრულებულად” შეაფასა და საკუთარ თავს სავარაუდო კანდიდატი უწოდა. გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მას 950 დელეგატის ხმა აქვს. პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად 1237 ხმა არის საჭირო.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გუშინ ხუთიდან ოთხ შტატში გაიმარჯვა. სენატორმა ბერნი სანდერსმა ხმების უმრავლესობა როუდ აილენდში მოაგროვა.

ჰილარი კლინტონს 242 დელეგატის ხმა აკლია პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად. მიუხედავად მნიშვნელოვნად ნაკლები დელეგატების მხარდაჭერისა, ბერნი სანდერსმა განაცხადა, რომ საარჩევნო რბოლიდან გასვლას პარტიის ყრილობამდე არ აპირებს.