ორშაბათს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო ჯგუფის უფროსმა გამოაქვეყნა პირველი აუდიო მიმართვა მას შემდეგ, რაც შაბათს მოწყობილი შეიარაღებული ამბოხება შეწყვიტა. ევგენი პრიგოჟინს არ დაუზუსტებია, თუ მიმართვის ჩაწერის დროს სად იმყოფებოდა, ან როგორი სამომავლო გეგმები ჰქონდა.
იმავდროულად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შერგეი შოიგუც გამოჩნდა და მისი გაგდების მოთხოვნით მომხდარი ამბოხების შემდეგ, პირველი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა. ეს სავარაუდოდ, იმისთვის იყო გამიზნული, რომ ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე სერიოზული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მოსახლეობაში წესრიგის შეგრძნება გაეჩინა.
ასევე ნახეთ: ამბოხის შემდეგ შოიგუ პირველად გამოჩნდა„ვაგნერის“ დაქირავებულთა ჯგუფის უფროსმა ამბოხების დაწყების და მისი შეწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა. პრიგოჟინმა თქვა, რომ კომპანია „ვაგნერი“ რუსეთში ყველაზე გამოცდილი საბრძოლო ქვედანაყოფია, მაგრამ 1 ივლისს მას არსებობა უნდა შეეწყვიტა. თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის ხელმოწერას არავინ დათანხმდა.
„ტექნიკას მისაბმელებზე ვტვირთავდით და ვგეგმავდით 30 ივნისს კოლონით როსტოვში შევსულიყავით და“სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შტაბთან ტექნიკა საჯაროდ გადაგვეცა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირ აგრესიას არ ვამჟღავნებდით, ჩვენზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. 30 ადამიანი დაიღუპა. ზოგიერთი დაიჭრა. ამან დაუყოვნებელი გამოსვლა გამოიწვია“, განაცხადა პრიგოჟინმა.
„ვაგნერის“ ლიდერსა და რუსეთის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება, უკრაინაში ომის მსვლელობის დროს საჯაროდ მიმდინარეობდა.
ასევე ნახეთ: პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმე არ შეწყვეტილა, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებსთავის მიმართვაში პრიგოჟინმა განაცხადა: „დღე-ღამის განმავლობაში 780 კილომეტრი გავიარეთ. მიწაზე არცერთი ჯარისკაცი არ მოკლულა. ვწუხვართ, საჰაერო საშუალებებზე დარტყმების გამო, მაგრამ ისინი ჩვენ ბომბებს და რაკეტებს გვესროდნენ. კამპანიის მიზანი იყო იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას შეცდომები დაუშვეს. ამას საზოგადოება და სამხედროები ითხოვდნენ".
კრემლმა განაცხადა, რომ პრიგოჟინს შეთანხმება შესთავაზა, ბელარუსში გადასულიყო და თავის მებრძოლებთან ერთად ამნისტია მიეღო. პრიგოჟინმა კი თქვა, რომ შეთავაზება ბელარუსის პრეზიდენტისგან მიიღო. „ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ კერძო სამხედრო კომპანიის კანონიერ იურისდიქციაში შემდგომი მუშაობის ვარიანტი შემოგვთავაზა,“ თქვა პრიგოჟინმა.
ორშაბათისთვის პრიგოჟინის ადგილსამყოფელი დაზუსტებული არ იყო, თუმცა „ტელეგრამის“ პოპულარულმა რუსულმა არხმა გაავრცელა ცნობა, რომ „ვაგნერის“ უფროსი ბელარუსში, მინსკის სასტუმროში დაინახეს.
რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ კრიმინალური გამოძიება გრძელდება და ზოგიერთმა კანონმდებელმა მისი დასჯა მოითხოვა.