საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის 57 წარმომადგენლის შეკითხვას უპასუხა.
„ქართული ქარტია“ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომელიც მან პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მისი შედგენისა და ინიცირების მიზეზად და მიზნად პრეზიდენტმა ევროპეიზაცია და ამისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების მიღწევის აუცილებლობა დაასახელა. სალომე ზურაბიშვილისეული გამარჯვების ფორმულა გულისხმობს ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციას საერთო მიზნის გარშემო, რაც ითვალისწინებს დასავლურ ვექტორზე სწორებასა და საერთო, სამართლიანი თამაშის წესებზე შეჯერებას.
„ეს არის ერთობა გაერთიანების გარეშე“,- განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა. „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა 17-მა პოლიტიკურმა პარტიამ. მათ შორის არ ყოფილა გახარიას „საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება“.
პრესკონფერენციის დაწყებამდე, ჟურნალისტები, მსჯელობდნენ რა პრეზიდენტის მიერ მედიასთან კომუნიკაციის ფორმასა და შინაარსზე, გამოითქვა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი ფორმატით, პრეზიდენტს სწორედ, „ქართული ქარტიის“ აქტუალიზება სურდა. უკანასკნელ პერიოდში, ხელმომწერი პარტიები სულ უფრო ნაკლებად ახსენებენ ამ შეთანხმებას, რომელიც, მათ შორის იმასაც ითვალისწინებს, რომ პარლამენტში პარტიებმა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში უნდა იმუშაონ და შემდეგ, ისევ ხელახალი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.
Your browser doesn’t support HTML5
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში, ტექნიკური მთავრობა იმუშავებს და ქვეყანას სამართლიანი არჩევნებისთვის მოამზადებს.
პრესკონფერენციიდან რამდენიმე საათში, 6 აგვისტოს, „ქართული ქარტიისადმი“ ერთგულება ელენე ხოშტარიამ, კოალიციის სახელით დააფიქსირა, რომელშიც მისი „დროას“ გარდა, არის „ახალი“ და „გირჩი“.
„კოალიცია „ცვლილებების“ სახელით, მინდა, გამოვეხმაურო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო, ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება „ქართული ქარტიის“ მიმართ. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ნდობა და სიტყვის ერთგულება არის ის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ და რომელიც არის საფუძველი ნებისმიერი, არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესის, არამედ, ზოგადად, სამართლიანი, თავისუფალი, საზოგადოების მშენებლობისა. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით, ამ შემთხვევაში, ჩვენი სიტყვის ერთგული,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისივე მოსაზრების თანახმად, „ქართული ქარტიის“ შინაარსი მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც იმყოფება ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი. „ქარტია შეგვიყვანს ევროპაში, დაგვაბრუნებს ევროპის გზაზე და გაგვხდის იმ მშვიდობისა და განვითარების სივრცის ნაწილად, რომელსაც საქართველო იმსახურებს. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ქარტიის პრინციპებს,“- ამბობს ხოშტარია.
„ამერიკის ხმამ“ პრეზიდენტს კითხვა იმის შესახებ დაუსვა, თუ რამდენად საგანგაშოდ უნდა ჩავთვალოთ შეერთებული შტატების გზავნილები საქართველოსთვის, დემოკრატიის უკუსვლისა და დასავლური ვექტორის შესაძლო ცვლილების თაობაზე, რასაც ხელისუფლება საკმაოდ მსუბუქად ისმენს.
„არ მიკვირს შეერთებული შტატების რეაგირება, შეერთებული შტატებიდან მომდინარე განცხადებები. სხვანაირად როგორ უნდა იყოს, როცა 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ეხმარები ქვეყანას ყველანაირად, სახელმწიფოს მშენებლობაში (არა მხოლოდ მატერიალურად, ყველა ძალისხმევით ეხმარები), რომ დადგეს ფეხზე, როგორც დამოუკიდებელი, ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო და უცებ, გაუგებრად, ახსნის გარეშე, გეძახიან მტერს, გაბრალებენ რაღაცებს. შემოდის რაღაც გაუგებარი და გაუგონარი კონსპირაციის თეორიები. რანაირად უნდა რეაგირებდეს ამერიკა? ცხადია, მათი ძალიან მკაფიო და მკაცრი რეაგირება მოსალოდნელი იყო. მე არ ვიცი, ხელისუფლებას უკვირს ეს, თუ არა, ალბათ, არ უნდა უკვირდეს. იცოდა, ალბათ, ივანიშვნილის 29 აპრილის სიტყვის შემდეგ. ეს სიტყვა აგვირგვინებს ყველა იმ ნაბიჯს, რაც მანამდე გადადგეს (მაგრამ რომელზეც გარკვეული ახსნები კიდევ შეიძლებოდა გამოძებნილიყო). თუმცა ეს სიტყვა, უკვე არის შექმნილი და შეკრული კონცეფცია. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება რამის მოლოდინი იმის თაობაზე, რომ შეიძლება გააგრძელოს ამერიკამ კარგი ურთიერთობა. ამერიკა ხომ არ არის შენი ბავშვი, რომელსაც აბურთავებ? ამერიკა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და შენ ასე ექცევი. გგონია, რომ მას რეაგირებაც არ ექნება. მე ვწუხვარ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსებაც. პრეზიდენტი, „ამერიკის ხმის“ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ამ საკითხსაც შეეხო.
„ვიტყვი ახლა და ვეტყვი სენატორ შაჰინსაც, რომელიც რამდენიმე დღეში ჩამოდის, რომ ორი რამ არ მესმის, დანარჩენი ყველაფერი მესმის. მესმის, რომ საზოგადოებას გამოსასწორებელი გვაქვს სასწრაფოდ [ამერიკასთან გაფუჭებული ურთიერთობა], მაგრამ მე არ მესმის, ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და მე არ მესმის (თუ ეს მართალია, რადგან ჯერ ბოლომდე ვერ გაირკვა ამის თაობაზე ინფორმაცია), ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება დაისაჯოს ეს მთავრობა და ის დიახ, უნდა დასაჯოს, მაგრამ არ შეიძლება დაისაჯოს ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი თავდაცვა. მით უმეტეს, რომ ის არის მთლიანად შექმნილი ამერიკის მიერ. ასე რომ ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ. ის, რომ წვრთნები გადაიდო, გასაგებია. სანამ არ გაირკვევა ყველაფერი არჩევნებზე, გასაგებია, რომ შეიძლება, რაღაც ნიშნები მოგვცენ, მაგრამ ჯარზე ხელის ხლება არ შეიძლება. ჩვენი ჯარი სარგებლობს მოსახლეობის სრული ნდობით და ესაა ჩვენი სახელმწიფოს ნამდვილი და არ ვიტყოდი ერთადერთი, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, ერთადერთი საყრდენი,“- აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
პრესკონფერენცია ორბელიანების სასახლეში live stream რეჟიმში მიმდინარეობდა და ის 2 საათს გაგრძელდა.