საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე, რუსული აგრესიაა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომესაც მხარს "ქართული ოცნება" უჭერს, უარყო განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მისი თქმით, ეს მას არასდროს უთქვამს.
6 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ “საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების” და რომ “ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა”. ზურაბიშვლის განცხადებას, მისი ოპონენტების მხრიდან აქტიური კრიტიკა მოჰყვა. "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციას მოუწოდა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ. მოგვიანებით, საკუთარ გამოსვლაში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი “აგრესორი და ოკუპანტია”, თუმცა დასძინა, რომ “იმდროინდელმა პრეზიდენტმა ან დაუშვა დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული”.
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას და რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას, "ამერიკის ხმასთან" საუბარში ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი და მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი მკლევარი დევიდ კრემერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტი აღიარებდეს, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა.
“საქართველოს პრეზიდენტი უნდა უჭერდეს მხარს ტერიტორიულ მთლიანობას და მან უნდა აღიაროს, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მე არ მახსოვს, რომ ქართულ ტანკებს როკის გვირაბი გადაეკვეთათ და რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ. ყველაფერი პირიქით იყო. რუსულმა ტანკებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს. პრეზიდენტი უნდა იღწვოდეს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოსთვის”, - ამბობს დევიდ კრემერი, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი და მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი მკლევარი.
წინასაარჩევნო გარემოს აქტიურად აკვირდებიან ანალიტიკოსები ვაშინგტონში. თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად შემცირებული ძალაუფლებისა, პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა. ვოლკერი ქართველ ამომრჩეველს მოუწოდებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
“პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, ის ქვეყნის სიმბოლოა…[ის] მაღალ ეროვნულ მიზნებს წარმოადგენს, ერთიანობის განცდას ქმნის, და ყველა ქართველს აერთიანებს, ნაცვლად იმისა, რომ ერთვებოდეს შიდა პოლიტიკურ პოლემიკაში, რომელიც დემოკრატიისთვის ბუნებრივია. კითხვა, თუ ვის აქვს შესაძლებლობა იყოს ეს ხმა, ისაუბროს ყველა ქართველზე დაყრდნობით და შეძლოს მთავარი საკითხების გამოკვეთა, მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება შეზღუდულია, პრეზიდენტის ავტორიტეტი და სიმბოლო უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ არჩევნებზე, საქართველოში საპრეზიდენტო კანდიდატების ფართო სპექტრია. რამდენიმე პრინციპული კანდიდატი იღებს მონაწილეობას და ისინი ნამდვილად წარმოადგენენ განსხვავებულ არჩევანს. მე მოვუწოდებ და იმედი მაქვს ყველა ქართველი წავა არჩევნებზე. მიეცით ხმა თქვენი შეხედულებების მიხედვით. არა ისე, როგორც გეტყვიან, არამედ რისიც გჯერათ, და გწამთ რომ ეს ქვეყნისთვის სწორი არჩევანია”, - ამბობს ვოლკერი.
საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს. ატლანტიკური საბჭოს მკლევარის, და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის მეთიუ ბრაიზას შეფასებით, ეს დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
“პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გადაწვიტა არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ჩემთვის ეს სამწუხაროა, არა პირადი მიზეზებით, არამედ იმის გათვლისწინებით, რომ პრეზიდენტი ქვეყნის სიმბოლოა, ეს ყველაზე პრესტიჟული სამსახურია. და თუ ეს პოსტი არ ჩანს საკმარისად მნიშვნელოვანი და ღირებული პრეზიდენტისთვის, რომ მან კიდევ ერთხელ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაშინ მე ცოტა მაღელვებს ის, თუ რამდენად ძლიერია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები… არჩევნები არის ის დრო, როდესაც უნდა აირჩიო ადამიანი, რომელსაც ენდობი, რომელიც იზიარებს საქართველოს მომავლის ხედვას… აირჩიო ადამიანი, რომელიც იცი, რომ იქნება რამდენადაც შესაძლებელია გამჭირვალე”, - ამბობს ბრაიზა.
წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს.
საპრეზიდენტო არჩევნებში, ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატთან ერთად, "ევროპული საქართველოს" კანდიდატი დავით ბაქრაძე, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იბრძოლებენ.
მიმომხილველები ვაშინგტონში ხაზს უსვამენ არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას და მოუწოდებენ ქართველ ამომრჩეველს დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.